რატომ იქცა ამჯერად გერმანიის ელჩი "ქართული ოცნების" სამიზნედ?

04-06-2024 18:35:49 ანალიზი

საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიის ჩარჩოებიდან გასული რიტორიკა პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებით ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმე ფორმებს იღებს. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი კვლავ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების მიმართ ადგილობრივ დონეზე განწყობების შექმნით ცდილობს მოსალოდნელი გადაწყვეტილებების სიმძიმის ნიველირებას და პერსონიფიცირებას პარტნიორებთან ჩიხში მოქცეული ურთიერთობების ფონზე. მიდგომა არახალია: სხვადასხვა დროს თავდასხმების სამიზნედ იქცნენ საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი, ევროპარლამენტარები, ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრები... მათ რიგებში კვლავ აღმოჩნდა საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი – პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ის "ელჩად წოდებულად" მოიხსენია და სპეკულაციურად გამოიყენა მისი „ტვიტი“ (რომელიც საელჩოს განმარტებით, არ ეხებოდა საქართველოს) დიპლომატის "სპეკულირებაში" დასადანაშაულებლად.

„სკანდალური განცხადებაა“,– ამბობს „აქცენტთან“ GRASS–ის თანადამფუძნებელი, დიპლომატი სერგი კაპანაძე, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ზღვარი გადალახა“, შესაბამისად, დამატებითი სკანდალი მის გაკვირვებად აღარ იწვევს.

„წარმოუდგენელია ელჩებთან ამ ტიპის საუბარი, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ელჩი ან კონკრეტული ქვეყნის ქმედება“,– ხაზს უსვამს „აქცენტთან“ მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი და გამოდის შეხსენებით, რომ არსებობს პოლიტიკური პროტოკოლი, პოლიტიკური ეთიკა, საკომუნიკაციო ენა – არსებობს დემარშების სისტემები, საპროტესტო ნოტები:

„სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არც ერთ მათგანს არ ცნობს და ისეთი ვულგარული პოლიტიკური დისკუსიის ფორმა აქვს არჩეული, როგორიც საქართველოს პარლამენტშია! ამ ფორმით კი ვერ ურთიერთობენ ადამიანები მსოფლიოში, ყველაზე დაპირისპირებული ქვეყნებიც კი! არსებობს უკმაყოფილების, კატეგორიული უკმაყოფილების, აღშფოთების ან გაბრაზების გამოხატვის დიპლომატიური ხერხები, საქართველოს ხელისუფლება კი დღეს ამას არ აღიარებს!“.

რა არის მიზანი?

„შეგნებული პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვთ მიღებული (ეს ივანიშვილისგან მოდიოდა, კრემლისგან თუ თავად მონაწილეობდნენ პროცესში, არ აქვს მნიშვნელობა), საქართველო დააშორონ ევროკავშირს! ამ მიზნისთვის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, ამგვარი შეურაცხყოფები მიაყენო ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩებს, ან ევროკავშირის ლიდერებს – დაახლოებით ანალოგიური ტიპის გზავნილები ჰქონდათ ბალტიის ქვეყნების მინისტრებზე, მანამდე ევროკავშირის ელჩზე. ეს არის ჩვენი ევროპული გზისთვის ხაზის გადასმისთვის გამოყენებული ერთ–ერთი ინსტრუმენტი. სურთ თავად მეგობრებმა ჩაიქნიონ ხელი საქართველოზე – ასეთი განცდა მაქვს“,– დარწმუნებულია კაპანაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილის დაკვირვებით, ამგვარი მიდგომებით მმართველ გუნდს სურს, წარმოაჩინოს, თითქოს არა სახელმწიფოს, არამედ პერსონალურ პოზიციას აჟღერებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება:

„სურთ წარმოაჩინონ, თითქოს ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსი, ცალკეული ევროპელი დიპლომატი არ წარმოადგენს ევროკავშირის სახეს, რომ თითქოს კონკრეტული ელჩია არაკომპეტენტური. გახსოვთ აშშ–ის ელჩის მიმართ იყო ანალოგიური კამპანია, თითქოს რომელიმე ელჩი – მაშინ კელი დეგნანი და ახლა პეტერ ფიშერი საკუთარ პოზიციას ახმოვანებდნენ და არა სახელმწიფოსას. გერმანიის ელჩმა თქვა, რომ გერმანიის მთავრობა ვერ დაუჭერს მხარს გაწევრიანების პროცესის დაწყებას ამ კანონის [„აგენტების კანონის“] ფარგლებში. აქ კი ახალი არაფერია: დიპლომატიური ფორმით ეს თქვა კანცლერმაც, საგარეო საქმეთა მინისტრმაც, ხოლო ელჩმა ეს ყველაფერი დააკონკრეტა. როგორც ჩანს, ელჩის ნათქვამი უფრო ყურს ჭრის, რადგან ადგილზეა და უნდათ, ამ განცხადების ნიველირება მოახდინონ იმ ნარატივით, თითქოს ეს ცალკეული დიპლომატის პოზიციაა. რეალურად ეს არის სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაევროპული გადაწყვეტილებით ქვეყანას ამ ეტაპზე დააკარგვინა მოლაპარაკებების დაწყების შანსი!“.

მას აქვს მოლოდინი, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები მომრავლდება პარტნიორების მხრიდან მოსალოდნელი გადაწყვეტილებების და კრიტიკის კვალდაკვალ, რომლის მიმართაც მმართველი გუნდი ნულოვან მგრძნობელობას ამჟღავნებს: „მოვა ოქტომბერი, ევროკომისია შეაფასებს საქართველოს მდგომარეობას, იქნება ნეგატიური გადაწყვეტილებები, ცხადია, ხელისუფლება არ იტყვის, „შეგვეშალაო“, იტყვიან, „თავად არ იციან ევროპა რა არისო“.

ცქიტიშვილი წუხს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი აბსურდის თეატრი, რომელშიც სახელისუფლებო პარტიას სურს, „ევროპელად“ იპოზიციონიროს პროევროპულად განწყობილი ამომრჩევლების „თვალის ასახვევად“, „უბრალოდ გლობალური კონსპირაციაა ჩვენს წინააღმდეგო“.

"ნონსენსია, სრულიად არასერიოზულია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ძირითადი ხაზი“,– დასძენს ცქიტიშვილი.

რას ეფუძნება ხელისუფლების იმედები?

"როგორც ჩანს, გაძლიერებულ ეკონომიკურ კავშირებს ჩინეთთან და რუსეთთან",– ვარაუდობს ცქიტიშვილი და განმარტავს, „იმედი, რომ საბოლოო ჯამში დასავლეთი თვალს დახუჭავს, არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, აქვთ იმედი, რომ ქვეყნის შესაძლო დანაკარგს დააკომპენსირებენ რუსეთთან აქტიური ინტეგრაციით, რათა ჰქონდეთ გარკვეული რესურსები, რომ ქვეყანაში დიდი სოციალური ბუნტი არ გამოიწვიონ, რომ ქვეყანაში რაღაც ეკონომიკური დინამიკა არსებობდეს“.

ამასთან, მისი მოლოდინით, მმართველი გუნდი შეეცდება, რუსეთისთვის სტანდარტული დეზინფორმაციული ინსტრუმენტების გამოყენებით მაქსიმალურად შეცვალოს საქართველოში პროევროპული განწყობები, რადგან ეს არადემოკრატიულ საარჩევნო პროცესთან ერთად, ძალაუფლების შენარჩუნების და წინააღმდეგობის ჩახშობის გზაა:

„სხვა შემთხვევაში ისინი კარგავენ ძალაუფლებას, რადგან მოსახლეობის აბსოლუტული უმრავლესობა პროევროპულია. სწორედ ამიტომ ცდილობენ, ყველაზე უხეში, არაადეკვატური ფორმებით ილაპარაკონ“.

მომენტუმი

„ეს ადამიანები ქვეყანას მეგობრებს აკარგვინებენ! ძალიან კარგია, რომ ჩვენი მეგობრები საქართველოს ხალხს უდგანან გვერდით, მაგრამ ეს არის კედელი ["ქართული ოცნება"] ქართველ ხალხსა და მეგობრებს, ჩვენს ევროპულ მომავალს შორის. ეს კედელი უნდა დაინგრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას გადაკიდებენ უბედურებას“,– დარწმუნებულია კაპანაძე.

ცქიტიშვილიც დარწმუნებულია, რომ სწორედ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია „მომენტუმი“, რომელიც საზოგადოებამ უნდა განოიყენოს ცვლილებებისთვის, სხვა შემთხვევაში, „შემდეგ არჩევნებამდე მისვლა ძალიან გაგვიჭირდება – იქნება ძალიან მძიმე ოთხი წელი, უზარმაზარი დანაკარგები!“:

„მათ აქვთ სურვილი, ახლა დაიმკვიდრონ ძალაუფლება, ამითვის დაიწყენენ უამრავი ფინანსური რესურსის ხარჯვას, მათ შორის ბიუჯეტიდან, რომ ხალხში გარკვეული განცდა გააჩინონ ეკონომიკური წინსვლის.

მათთვისაც ძალიან კრიტიკულია ვითარება, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რადგან მეორე შანსი აღარ ექნებათ. და თუ ეს შეძლეს, სრულიად ბუნდოვანი დროით აღარ გვექნება ნორმალური განვითარების შანსი – დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს ფორმირების. ბელარუსიც აღარ ბვიქნებით, რადგან ბელარუსს გარკვეულწილად ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელი აქვს, ხოლო ჩვენ – კლანებზე და ინტერესებზე მორგებული“.

ცქიტიშვილს ხელისუფლების მხრიდან დასავლელი დიპლომატების, ოფიციალური პირების მიმართ დამოკიდებულება არწმუნებს ამგვარი გზის არჩევაში და ელის, რომ არჩევნებზე პოზიციების გამყარების შემთხვევაში იქნება „იერიში“ და „ქმედებებიც“ უკვე არა მხოლოდ ცალკეული ფიგურების მიმართ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები