Accentnews.ge
მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავენ

მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავენ

20/01/2025 19:04:54 მსოფლიო

მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავენ (სია განახლებადია).

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ:

"თქვენი პრეზიდენტის პირველი ვადა სავსე იყო ინოვაციური მომენტებით. თქვენ გამოხვედით ირანის სახიფათო ბირთვული შეთანხმებიდან, თქვენ აღიარეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, თქვენ გადაიტანეთ ამერიკის საელჩო იერუსალიმში და აღიარეთ ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის სიმაღლეებზე. ჩვენი ალიანსის საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ირანის ტერორის ღერძს დამარცხებთ და ჩვენი რეგიონისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალ ეპოქას შევუდგებით“.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი:

"გლობალური გამოწვევების დასაძლევად ევროკავშირი აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას ელის. ერთად ჩვენს საზოგადოებებს შეუძლიათ უფრო დიდ კეთილდღეობას მიაღწიონ და ჩვენი საერთო უსაფრთხოება გააძლიერონ. ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მუდმივი ძალაა“.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი:

„მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს და მსოფლიოსთვის უკეთეს მომავალს შექმნის. წარმატებებს გისურვებთ".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

"აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან აქტიურ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას ველით. პრეზიდენტი ტრამპის მიერ გაცხადებული „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ პოლიტიკა ამერიკის ლიდერობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც მთავარი პრიორიტეტია".

კანადის პრემიერ–მინისტრი ჯასტინ ტრუდო:

"კანადა, რომელიც დაიცავს კანადელთა ინტერესებს, მოუთმენლად ელის ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობას. კანადასა და შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა აქვთ. ჩვენ ვართ ერთმანეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ისეთი ურთიერთობებით, რომლებიც ქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს, იზიდავს მილიარდობით ინვესტიციას კონტინენტზე და იცავს ჩვენს ხალხს“.

ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას, მათ შორის "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ულოცავს:

“გულწრფელად ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები. პრეზიდენტო ტრამპ, წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან გზაზე”.

ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დღეს გაიმართა. მან საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.

საქართველოდან "ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიუწვევიათ. ინაუგურაციას ესწრებოდა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. იგი ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.

ამავე თემაზე: ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ „ამერიკის ოქროს ხანა" და "საღი აზრის რევოლუცია" დააანონსა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S