რა განკარგულებებს მოაწერა ხელი თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა

21-01-2025 11:27:19 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი.

გთავაზობთ, იმ განკარგულებების ნაწილს, რომელსაც თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

კერძოდ, ტრამპმა:

  • შეიწყალა კონგრესზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებულები. როგორც მან განაცხადა, 1500-მდე ადამიანი შეიწყალა.
  • ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელის თანახმად, პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება 75 დღით გადავადდა.
  • გააუქმა აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში მიღებული 78 განკარგულება, მათ შორის განკარგულება, რომელიც ფედერალურ სააგენტოებს სთხოვდა გაეგრძელებინათ აკრძალვები სქესობრივი დისკრიმინაციის შესახებ და განკარგულება, რომელიც ტრანსგენდერებს ჯარში მსახურების უფლებას აძლევდა.
  • ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვართან, რომელიც მექსიკასთან გადის, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც გამოიწვია პენტაგონის პერსონალის და რესურსების გამოყენება, რომელიც განლაგდება და გამოყენებული იქნება სასაზღვრო კედლის ასაშენებლად.
  • ხელი მოაწერა განკარგულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) შეერთებული შტატების გასვლის შესახებ.
  • ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მეშვეობით ფედერალური მთავრობის თანამშრომლების დაქირავების აკრძალვას ითვალისწინებს.
  • ხელი მოაწერა განკარგულებას, დენალისა და მექსიკის ყურის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით.
  • ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აშშ გამოჰყავს პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან. ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.
  • ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება უქმდება. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის ერთ–ერთი მშობელი არის შეერთებული შტატების კანონიერი მუდმივი რეზიდენტი ან აშშ-ის მოქალაქე.

ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში 20 იანვარს გაიმართა. მან საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.

საქართველოდან "ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიუწვევიათ. ინაუგურაციას ესწრებოდა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. იგი ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.

ამავე თემაზე: ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ „ამერიკის ოქროს ხანა" და "საღი აზრის რევოლუცია" დააანონსა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები