21-01-2025 13:20:43 პოლიტიკა
აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახალი კომპანია დააფუძნა. სააქციო საზოგადოება „ლუსოლის“ 100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა. ახალი კომპანიის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „TV პირველმა“ გაავრცელა.
კომპანიის დირექტორი 37 წლის გელა კობერიძე იქნება. სწორედ მან მიმართა საჯარო რეესტრს კომპანიის რეგისტრაციისთვის.
სს „ლუსოლში“ ეკატერინა ხვედელიძის წარმომადგენელია „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა.
ნატო ხაინდრავა ფიგურირებდა ბიძინა ივანიშვილის შვილის ახალ კომპანიაში, სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგშიც“, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ვაჟმა მამისთვის სანქციის დაწესებიდან ოთხ დღეში, 31 დეკემბერს, დააფუძნა. ორივე კომპანიის მისამართად მითითებულია თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირის 39დ - „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი შენობა, - სადაც "ბანკი ქართუ“ მდებარეობს.
ცნობისთვის: შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN-ს - სანქციადაკისრებულთა სიას, რომლის ფიგურანტთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა. თუმცა ოლიგარქის ოჯახის წევრები სიაში ამჯერად არ შეუყვანიათ.
შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
საქართველოს ფაქტიობრივი მმართველი მილიარდერის სანქცირების მიმართულებით პროცესები მიდის დიდ ბრიტანეთშიც. კერძოდ, თებერვალში თემთა პალატა შეუდგება ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი იმ წინანადების განხილვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითვალისწინებს. ამ ინიციატივას, რომელიც თემთა პალატას 13 იანვარს წარედგინა, ამ დროისთვის ხელს 18 პარლამენტარი აწერს.
დიდ ბრიტანეთს უკვე დასანქცირებული ჰყავს "ოცნების" მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები.
ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფშორებში რეგისტრირებული ათობით კომპანია, ჯამში კი 95-ზე მეტი ქართული ფირმა - „ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს-იმპერია“დაზარალდება, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული - კერძოდ, ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულებზე.
TI-ს ინფორმაციით, ხსენებულ კომპანიებს შორისაა ქართუ ბანკი; ფონდი ქართუ; გალერეა თბილისი; აქსის თაუერსი; ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" ხელისუფლების პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს (რუხაძის სანქცირებას, თავის მხრივ, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სთხოვენ კონგრესიდან გაგზავნილი წერილით, რომლითაც ჯამში 25 პირის სანქცირებაა მოთხოვნილი); საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები „პარაგრაფი“ თბილისში, შეკვეთილში, აბასთუმანში და სხვები; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს; ასევე რუსული შპს „აკვა სფეისი“, რომელიც, ანტიკორუფციული ორგანიზაციის განცხადებით, ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.