
კობახიძე – „ახალი თეატრის" მანიფესტზე: „კანვასის" რევოლუცია საქართველოში არ შედგება
24/01/2025 09:28:19 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე „ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების გამართულ საპროტესტო მანიფესტს დეზინფორმაციულ ნარატივით ეხმიანება.
"საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა ჰქონდათ. ხან პარტიებით სცადეს რევოლუცია, ხან „ენჯეოებით“, ხან ჟურნალისტებით - საუბარია მედიამენეჯერებზე, ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე. ყველა საშუალებით სცადეს რევოლუცია, მაგრამ ესეც ჩავარდა. ახლა კი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობაა. ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციური ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ დღეს სახეზე. ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, მაგრამ ესეც წარუმატებლობისთვისაა განწირული. „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ მოხდება და ყველამ თავის პროფესიას მიხედოს. ჩვენ ყველას დავეხმარებით და ხელს გავუწვდით, საკუთარი პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართულ ოცნებას“ არაერთხელ გაუჟღერებია დეზინფორმაცია საქართველოში გარკვეული ძალების მიერ „რევოლუციის“ მოწყობის მცდელობებთან დაკავშირებით, მათ შორის ახსენებდნენ ორგანიზაცია „კანვასს“.
2023 წლის 2 ოქტომბერს სუს–ში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ს დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".
- ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ს სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.
მოგვიანებით, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებზე მერი ლორელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "კანვასის" ტრენინგზე გაკეთებული ჩანაწერის გავრცელებით "შეგნებულად ცდილობს ადამიანის უფლებათა დამცველების კრიმინალიზაციას". თუმცა ამ განცხადებას "ქართულ ოცნებაში" "უპასუხისმგებლო" უწოდეს.