
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 15-22 იანვარი
24/01/2025 13:50:54 კონფლიქტები
სოხუმში საქართველოს სასარგებლოდ „ჯაშუშობისთვის“ დაკავებულ პირს 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კახა მურადოვს, რომელსაც ბრალი „სახელმწიფო ღალატში“ და „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ედებოდა, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - „სამშობლოს ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა/ტარება“ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დანაშაულის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე ცნობით, მურადოვს არც წინასწარი გამოძიების და არც სასამართლო პროცესის დროს ბრალი არ უღიარებია.
საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად, კახა მურადოვს ე.წ. აფხაზური პასპორტიც გააჩნია. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 14 მაისს გახდა ცნობილი. გავრცელებული ცნობებით, კახა მურადოვს, რომელიც 1994-1999 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, კონტაქტები ჰქონდა 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებების, მათ შორის „მხედრიონის“ ყოფილ მეთაურებთან. ასევე გავრცელდა მისი დაკავებისა და დაკითხვის ამსახველი ვიდეო მასალა, რომლის მიხედვით, მას რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით მოძრავ მატარებლებზე თვალთვალი ჰქონდა დავალებული იმის დასადგენად, ხდებოდა თუ არა სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება, ასევე, დაგეგმილი იყო ინფორმაციის მოსაპოვებლად მისი „ჩანერგვა“ აფხაზეთის „სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამხედრო ობიექტებზე“. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მურადოვის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოღებულია ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურებთან მის კავშირებზე მიუთითებს.
ადგურ არძინბა ოპონენტებს ფეიკების გავრცელებაში ადანაშაულებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა, ოპოზიციის წარმომადგენელმა ადგურ არძინბამ ოპონენტები მისი დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საუბარია იმ დოკუმენტზე, რომელიც ტელეგრამ-არხებმა გამოაქვეყნეს.
გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის 23 სექტემბერს ადგურ არძინბას შეხვედრა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან, დმიტრი კოზაკთან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არძინბამ, ჯერ კიდევ დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომამდე აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას, მხარი დაუჭიროს სხვა შეთანხმებებსა და კანონპროექტებს, რომლებიც რუსი ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს შექმნის; ასევე წინააღმდეგობა გაუწიოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც დაფინანსებას „რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყნებიდან“ იღებენ.
პირადად ადგურ არძინბას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისმა „საარჩევნო შტაბმა“ დოკუმენტის ავთენტურობა უარყო. „ადგურ არძინბა ყოველთვის ღიად და თანმიმდევრულად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მისი მიდგომა უცვლელი რჩება. ანონიმურ არხებზე რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკოსების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ეს უხეში და იაფფასიანი ფალსიფიკაციები მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის ბჟანიას გუნდის ოპონენტების წინააღმდეგ არის მიმართული. მსგავსი მცდელობები წარმოადგენს სხვა არაფერს თუ არა ისტერიას და აგონიას იმ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ოდიოზურ წარმომადგენლებს დაეკისრება“, - ნათქვამია არძინბას საარჩევნო შტაბის განცხადებაში. შტაბის წევრებს არ დაუკონკრეტებიათ, შედგა თუ არა არძინბას შეხვედრა დმიტრი კოზაკთან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის თარიღებში ადგურ არძინბა მართლაც მოსკოვში იმყოფებოდა, რაც რუსული მედიისთვის მიცემული ინტერვიუებითაც დასტურდება. კერძოდ, 27 სექტემბერს გავრცელდა მისი ინტერვიუ „ინტერფაქსთან“.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ადგურ არძინბას დისკრედიტაციის პირველი მცდელობა. ახალი წლის შემდეგ პრორუსული ტელეგრამ-არხები აქტიურად ავრცელებდნენ ფოტოებს სოჭში, ძვირადღირებული სასტუმროს საპრეზიდენტო ნომერში მისი დასვენების თაობაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას რუსეთის ტერიტორიაზე მართვის მოწმობაც ჩამოერთვა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო. გარდა ამისა, არძინბას გაუვრცელეს საფრანგეთში ერთ-ერთ ტელეგრამ-არხში ვითომდა მის მიერ დასმული კითხვა ბიტკოინის განაღდების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ადგურ არძინბა 2024 წლის ნოემბერში რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილეა. 2020 წელს მან უკვე მიიღო მონაწილეობა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ხმათა 35% მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას მხარს უჭერს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. აფხაზეთში ადგურ არძინბა „პრეზიდენტობის“ კიდევ ერთი კანდიდატის, ასლან ბჟანიას გუნდის წევრის, ბადრა გუნბას სერიოზულ მეტოქედ განიხილება, რის გამოც პროპაგანდისტული სოციალური ქსელის პლატფორმები მის დისკრედიტაციას ცდილობენ.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსულ წყაროებზე დაყრდნობით აფხაზურმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს. კერძოდ, კრასნოდარის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს განცხადებით, „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის“, რუსეთის მოქალაქეობა 50 წლის აფხაზეთის „მოქალაქეს“ ჩამოერთვა, თუმცა მისი ვინაობა დასახელებული არ არის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში სხდომაც ჩაინიშნა, რომელზეც მიწვეული იყო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ოფიციალური განმარტების გაკეთების მიზნით. თუმცა, სხდომაზე შამბას არგამოცხადების გამო შეხვედრა ვერ შედგა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს, სადაც მათ განუცხადეს, რომ საკითხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეობა ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერს, „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარეს ლევან მიქაას ჩამოერთვა, რის შესახებაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია-საშუალებამ „Russia Today” განაცხადა. ოპოზიციის მიერ დანიშნულმა „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კან კვარჩიას და ლევან მიქაას საკითხის გარკვევა დაავალა.
აფხაზეთში ოპოზიციონერზე თავდასხმის გამო გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ
ტელეგრამ-არხი „აფხაზური პორტალის“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გაგრის რაიონის ე.წ. გამგეობის ხელმძღვანელი იური ხაგუში, შეიარაღებული პირების თანხლებით, ოპოზიციის „საპრეზიდენტო კანდიდატის“, ადგურ არძინბას შტაბის აგიტატორს მიხაილ გოლოვინს თავს დაესხა .
ამავე ცნობით, ხაგუშმა და მისმა დაცვამ გოლოვინს არძინბას მხარდაჭერის გამო სცემეს და ოპოზიციის სასარგებლოდ კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვეს. მოგვიანებით რაიონის ხელმძღვანელმა მიხაილ გოლოვინის ოჯახზე ზეწოლა მოახდინა და რუსული წარმომავლობის საფუძველზე დაემუქრა, რათა მომხდარი ინციდენტი არ დაედასტურებინათ. ამის შემდეგ მიხაილ გოლოვინის მშობელმა, არტურ გოლოვინმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მის შვილზე თავდასხმის ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა მალევე მიხაილ გოლოვინმა მამის სიტყვები უარყო და თავდასხმის ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში და ჰკითხეს, უჭერდა თუ არა მხარს ადგურ რძინბას. „მას შემდეგ, რაც დადებითად ვუპასუხე, დამარტყეს”, - განაცხადა გოლოვინმა. მოქალაქეები გაგრის ადმინისტრაციის შენობასთან იური ხაგუშის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.
აღსანიშნავია, რომ მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაგრის რაიონის ე.წ. გამგეობის ხელმძღვანელის მოვალეობას იური ხაგუშის მოადგილე, ადამ ციშბა ასრულებს, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხაგუშის კუთვნილ შვებულებაში ყოფნით ხსნის. თავის მხრივ, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ სამართალდამცავ ორგანოებს უმოკლეს ვადებში ინციდენტის გამოძიება დაავალა.
თავად გაგრის დე ფაქტო ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც სამართალდამცავ ორგანოებს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება სთხოვა. „თუ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდება, ვითხოვთ საჯარო ბოდიშის მოხდას საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო შტაბებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაგრაში სარემონტო სამუშაოების შესრულებისას სამი ადამიანი დაიღუპა
ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში საკანალიზაციო მილის გაყვანისას, სარემონტო სამუშაოებში ჩართული სამი პირი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 3-3,5 მეტრის სიღრმეზე ორმოში იმყოფებოდნენ, როდესაც მიწა ჩამოიშალა და ისინი ქვეშ მოყვნენ. ადგილზე მისულმა მაშველებმა ადამიანები ორმოდან ამოიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საკანალიზაციო სამუშაოებს არა სპეციალისტები, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლები ახორციელებდნენ. კერძოდ, მოსახლეობამ დე ფაქტო ადმინისტრაციას საკანალიზაციო კოლექტორის შეკეთების თხოვნით მიმართა, თუმცა რაიონის გამგეობამ მათ მხოლოდ ტექნიკა გამოუყო და შესთავაზა, სამუშაოები თავად ჩაეტარებინათ, რაც უბედური შემთხვევით დასრულდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021