Accentnews.ge
სოხუმში "თბილისთან ვაჭრობის" საკითხზე სკანდალი გორდება

სოხუმში "თბილისთან ვაჭრობის" საკითხზე სკანდალი გორდება

24/01/2025 14:19:41 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში "თბილისთან ვაჭრობის" თემაზე ახალი სკანდალი გორდება.

საუბარია, კერძოდ, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვაზე.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვეტერანთა ოპოზიციურმა გაერთიანება "არუაამ" განაცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისისგან მხოლოდ ნერგების კუთხით 42 მლნ რუბლის (430 ათასი დოლარის) პროდუქციაა შესყიდული.

"აფხაზეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებს საქართველოში ყიდულობს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქართველი ფერმერების მხარდაჭერა აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. შეგახსენებთ, რო 2023 წლის მაისში იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით გაუხსნა ჩვენი რესპუბლიკის საზღვარი ქართული პროდუქციის ფართო ჩამონათვალს. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მარტო აფხაზეთის ინტერესებს, ზიანს აყენებს რა ჩვენს ეკონომიკას, არამედ არყევს ჩვენი საზოგადოების ზნეობრივ-მორალურ ნორმებს და ამავდროულად, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის აფხაზეთ-რუსეთის მეგობრული ურთერთობების სულისკვეთებასთან: რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მცირდება, საქართველოდან შემომავალი საქონლის მოცულობა კი, მათ შორის - კონტრაბანდული გზით, წლიდან წლამდე იზრდება. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას, ასლან ბჟანიას ეს ანტისახალხო გადაწყვეტილება გააუქმოს" - განაცხადეს ბრიფინგზე "არუაას" წარმომადგენლებმა.

ცნობისთვის: 2007 წლის ივლისში იმჟამინდელმა დე-ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დე-ფაქტო საზღვარზე კომერციული ტვირთების გადაზიდვები სრულად აკრძალა. მას შემდეგ აღნიშნულ განკარგულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილებები. ბოლოს, 2023 წლის ზაფხულში დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "საზღვარზე" ქართული მხრიდან შემდეგი სახის პროდუქციისა და საქონლის შეტანა გახადა ნებადართული:

  • ნერგები;
  • სასოფლო-სამურნეო კულტურების სათესლე და სანერგე მასალა;
  • ცოცხალი შინაური ფრინველი;
  • შინაური ცხოველის საკვები მასალები;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავების დანადგარები;
  • ავტოტრანსპორტი;
  • ავტოტრანსპორტის სათადარიგო ნაწილები;
  • სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი ძრავისა და სხვა საპოხი ზეთები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S