
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პარლამენტის წევრის სტატუსით დეკლარაციის შევსებაზე უარს აცხადებენ
27/01/2025 08:22:33 პოლიტიკა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პარლამენტის წევრის სტატუსით დეკლარაციის შევსებაზე უარს აცხადებენ.
"ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, რომ წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ე.წ. პარლამენტს წევრებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით და არც მომავალში არ ვაპირებთ ე.წ. პარლამენტში მუშაობას, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის ღალატობს კონსტიტუციურ პრინციპებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არასოდეს წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, მაგრამ ამას გავაკეთებთ ნებისმიერ სხვა ფორმატში, რადგან ჩვენ არ ვართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვიქნებით", – განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი, მოქალაქეთა ნაწილი და დასავლური ქვეყნების უმეტესობა.