
ევროკავშირმა ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა
27/01/2025 12:26:13 პოლიტიკა
ევროკავშირმა ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
- "ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ძირითადი პრინციპებია. ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც ძირს უთხრის ამ ღირებულებებს, ვერ უნდა ისარგებლონ ევროკავშირში გამარტივებული წვდომით", – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა ტომაშ სიმონიაკმა.
ვის შეუჩერდა/ არშეუჩერდა უვიზო რეჟიმი
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხებათ:
- "საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
- საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს;
- დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს".
მისივე ინფორმაციით, „საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას".
საბჭო განმარტავს, რომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლისთანავე და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სავიზო მოთხოვნისაგან - წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მიიღონ ეროვნული ზომები დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის გამოსაყენებლად.
როგორ ასაბუთებს ევროკავშირის საბჭო გადაწვეტილებას
"ეს გადაწყვეტილება არის რეაქცია გასულ წელს საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.
საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს.
ეს გადაწყვეტილება ასევე არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე", – განმარტავს ევროკავშირის საბჭო.