Accentnews.ge
დავით ზალკალიანი:"ევროკავშირის მხრიდან საჭიროა უფრო მეტი ინვესტიცია შავი ზღვის განზომილების კუთხით"

დავით ზალკალიანი:"ევროკავშირის მხრიდან საჭიროა უფრო მეტი ინვესტიცია შავი ზღვის განზომილების კუთხით"

24/02/2020 14:06:23 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, "საქართველო შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად". ამის შესახებ მან "The Financial Times"-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემასთან საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აქცენტი შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გააკეთა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის შემცირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ესაჭიროება ევროკავშირისა და ნატო-ს, ზოგადად პარტნიორების ყურადღება და ჩართულობა როგორც პოლიტიკური და სამხედრო, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.

„ზალკალიანის განცხადება ცხადყოფს, რომ ენერგორესურსებით მდიდარი სავაჭრო მარშრუტისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ორი სახელმწიფოს სანაპირო ზოლს მოიცავს და ევროპას აზიასთან, ასევე ხმელთაშუა ზღვისპირეთს ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს, ბრძოლა ძლიერდება“, – წერს გამოცემა.

ამის მაგალითად მოყვანილია 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-თავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობაც აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის სპეცსამსახურებს დააკისრეს.

„კიბერ-თავდასხმის შესახებ გამოხმაურებების გავრცელებამდე "The Financial Times"-თან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უახლეს სამხედრო ტექნიკას და ამუნიციას აგზავნის“, – წერს გამოცემა.

მასთან საუბარში ზალკალიანმა აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირისა და სხვა დასავლელი პარტნიორების ყურადღების ნაკლებობის შემთხვევაში „სიცარიელის შესავსებად“ სხვები ისარგებლებენ.

სტატიაში ასევე საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მხრიდან ადგილზე განლაგებულ თანამედროვე რადარებსა და სარაკეტო სისტემებზე.

სტატიის ავტორები იუწყებიან, რომ ერთი კვირის წინ ზალკალიანმა თავის უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიას მიმართა დაფინანსების გაზრდის თაობაზე.

მინისტრი ევროკავშირს საქართველოში და ზოგადად შავი ზღვის რეგიონში, რომლის წარმომადგენლებიც მისი წევრი ქვეყნები - რუმინეთი და ბულგარეთიც არიან, მეტი ინვესტიციის განხორციელებას სთხოვს, მათ შორის - შავ ზღვაზე წყალქვეშა ელექტროგაყვანილობის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის, ასევე საბორნე მიმოსვლის კუთხით, რაც საქართველოს პორტებს ევროკავშირის სივრცესთან დააკავშირებს.

„ეს შესაძლებელია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტის შესამცირებლად,“ - აღნიშნავს დავით ზალკალიანი და დასძენს, რომ ეს უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სავაჭრო მარშრუტების განსავითარებლად.

"საქართველო იმავდროულად არის ზღვაზე გასასვლელი კარიბჭე ცენტრალური აზიის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის"- აღნიშნავს ქართველი მინისტრი.

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქვეყნის სუვერენიტეტს.“

ზალკალიანი აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ყურადღებით აკვირდებოდა აშშ-სა და თურქეთს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ დაძაბულობას და თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას. მისი თქმით, თურქეთის ურთიერთობებში აშშ-სთან, თუ რუსეთთან, ყოველთვის არის აღმასვლა და პირიქით, მაგრამ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა არ იცვლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S