28-01-2025 15:15:40 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები კან ქვარჩია და ლევან მიქავა მათთვის რუსეთის მოქალაქეობის სსავარაუდო ჩამორთმევას "აფხაზური სახელმწიფოსთვის გაწნულ სილად" აფასებენ.
დღეს მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ არ ჩაუდენიათ არანაირი დანაშაული რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ამასთან, "დეპუტატების" ინფორმაციით, რუსეთისგან შესაბამისი შეტყობინება ამ დრომდე არც ერთს მიუღია, არც მეორეს.
"ყოველთვის სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებდით, ეს კი, ცხადია, რისკების შემცველია და ამ რისკებისთვის მზად ვიყავით. თუმცა ჩვენი ქმედებები არასოდეს ყოფილა მიმართული რუსეთის სახელმწიფო ინტერესების ან კანონების წინააღმდეგ. უბრალოდ სურთ, გაგვტეხონ და გვაიძულონ, გადავდგათ ჩვენთვის მიუღებელი ნაბიჯები" - განაცხადა კან ქვარჩიამ.
ამასთან, მან იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ თუნდაც მიზეზები დაადგინოს "დეპუტატებისთვის" სტრატეგიული პარტნიორი ქ ვეყნის მოქალაქების სავარაუდო ჩამორთმევის. მან მოუწოდა როგორც "პრეზიდენტობის", ისე "ვიცე-პრეზიდენტობის" კანდიდატებს, შეაფასონ ეს ვითარება, რადგან "ეს არა მარტო ქვარჩიასა და მიქავასთვის, არამედ მთელი აფხაზური სახელმწიფოსთვის გაწნული სილაა".
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა ასევე ყოფილ დე-ფაქტო დეპუტატს, თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენელ ტაიფუნ არძინბასაც.
*****
აფხაზ ოპოზიციონერ ლიდერ ლევან მიქავას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა, - იუწყებიან რუსული ტელეგრამ-არხები რუსეთის ძალოვან უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მიქავა აქტიური მონაწილე იყო 2024 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებისა, რომლებიც რუსეთის მიერ ინიცირებულ ე.წ. საინვესტიციო შეთანხმებას უკავშირდებოდა და რომელთა შედეგად იმჟამინდელი დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა საპროტესტო აქციების კიდევ ერთ აქტიურ მონაწილე აფხაზ ოპოზიციონერს - კან ქვარჩიას. ცნობებს იმის შესახებ, რომ მას აფხაზეთის "სტრატეგიული პარტნიორი" ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებდნენ, დე-ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამ-არხები ჯერ კიდევ 1 იანვარს ავრცელებდნენ, მოგვიანებით კი უკვე რუსეთის შსს-ს კრასნოდარის სამხარეო სამმართველომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვით, "აფხაზეთის რესპუბლიკის 50 წლის მკვიდრის მიმართ მიღებულია გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას". მისი ვინაობა განცხადებაში დაკონკრეტებული არ იყო, თუმცა მანამდე არაოფიციალურად გავრცელებული ცნობების გათვალისწინებით, აფხაზეთში ივარაუდეს, რომ რუსული უწყება სწორედ ქვარჩიას გულისხმობდა.
კრასნოდარის სამხარეო სამმართველოს ინფორმაციაში მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად დასახელებული იყო "ქმედებები, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის". რა ქმედებებზეა საუბარი - ასევე არ კონკრეტდებოდა.
ახლა აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ მიქავასა და ქვარჩიას ბედი შეიძლება, გაიზიაროს დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგურ არძინბამაც, რომელიც ნოემბრის საპროტესტო მოძრაობის არანაკლებ აქტიური მონაწილე იყო. მით უფრო, რომ კან ქვარჩიასთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღეებში რუსული სახელისუფლებო ტელეგრამ-არხი "Рыбарь" მასაც ახსენებდა - "კან ქვარჩია და ადგურ არძინბა გასული წლის შემოდგომაზე აფხაზეთში სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენო".
ცნობისთვის: "არასაიმედო" პირთათვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი აწ უკვე ყოფილ დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას 2004 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან - დიმიტრი კოზაკთან აქვს განხილული. "არასაიმედო პირებში" იგულისხმებოდნენ ის აფხაზი "დეპუტატები", რომლებიც მოსკოვის მიერ ინიცირებულ "აპარტამენტების შესახებ" დრაკონულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ. იმ შეხვედრის შესახებ სოცქსელში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ბჟანიას რუსული მხარისთვის 2024 წლის 20 სექტემბრამდე უნდა წარედგინა "არასაიმედო პირთა" სია, რომელთაც მოსკოვი ასე მოიხსენიებს: "რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის ურთერთობებს საფრთხეს უქმნიან და აზიანებენ აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს". მოგვიანებით, სკანდალის აგორების შემდეგ ბჟანიამ ამ საკითხის კოზაკთან განხილვა დაადასტურა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ რუსული მხარის წინაშე სიის წარდგენის ვალდებულება არ აუღია.
სექტემბერში კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი "ურჩი" აფხაზი ოპოზიციონერების დაშინებას შეეცადა და განაცხადა, მათ შორის, რომ ოპოზიციონერი კან ქვარჩია შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის გარეშე დარჩენილიყო.
აღსანიშნავია ასევე, რომ გასულ წელს მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეობა სამ ოს "დეპუტატს" - დავით სანაკოევს, ძამბოლათ მედოევსა და გარი მულდაროვს ჩამოართვა. მათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 2049 წლამდე ეკრძალებათ. მიზეზად დასახელდა "ქმედებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საზღვრის სიახლოვეს დაძაბულობის საფრთხეს ქმნის".