29-01-2025 16:05:35 სამართალი
მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა 26 წლის ანრი კვარაცხელია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა ედება ბრალად, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავებულის გირაოთი (10 ათასი ლარი) გათავისუფლებაზე.
"პროკურორმა თქვა, რომ ხედავს მიმალვისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს.
„ის, რომ ბრალდებულებს შეუძლია, ქუჩაში, სადაც პოლიციელების გარდა, სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, ისროლოს „მოლოტოვის კოქტეილი“ ისე, რომ სხვებს შეუქმნის საფრთხეს, ეს მიუთითებს პიროვნების ხასიათზე და ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ის განმეორებით დანაშაულს ჩაიდენს“, - თქვა პროკურორმა.
ანრი კვარაცხელიას ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ისაუბრა მოწმის ჩვენებებზე საქმეში:
„ჩვენებები შინაარსობრივად აცდენილია და არ ასახავს ბრალს, ხელს არ ადებენ, რომ ანრი კვარაცხელიამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელა“.
ადვოკატმა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის შედეგი დააყენა ეჭვქვეშ. მისი თქმით, ექსპერტმა ანზორ კვარაცხელია ამოიცნეს საქმეში არსებული პირველი ვიდეოჩანაწერიდან ამოღებულ კადრში, მეორე კადრი კი, რომელშიც პირს სახე დაფარული აქვს, არ შეუსწავლია.
მოსამართლე თარაშვილმა თქვა, რომ არ არსებობს ახალი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა:
„არ არის აუცილებელი, ვინმეს სახით გვქონდეს დაზიანება, მომეტებული საფრთხის დანაშაულია“.
გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ანრი კვარაცხელიამ დაკავების შემდეგ აღიარა, რომ მან ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“. მისი ადვოკატის თქმით, ის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო და აღიარებითი ჩვენების დაწერის დროს ადვოკატი არ ახლდა.
25 წლის ანზორ კვარაცხელია 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ანზორ კვარაცხელიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებამდე გაჩხრიკეს კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლი. მისმა ცოლმა, ნუცა ერემიანმა, რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა, როგორც ცდილობდნენ პოლიციელები სახლში მოტყუებით შესვლას და როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მას, ანრისა და ანრის დას.
ოჯახი ავლაბარში, კერძო სახლში ცხოვრობს. ნუცა ერემიანის თქმით, მისი ქმრის დასაკავებლად სამი ავტომობილით ოცი პოლიციელი მივიდა. მათ სახლს წრე შემოარტყეს. ერთ-ერთი საძინებლის ფანჯრის მხრიდან იყო მისული და ხელით, ფეხით, წიხლით აწვებოდა. კიდევ ერთი შავებში ჩაცმული ლაზერიანი ადამიანიც იდგა", – იუწყება "რადიო თავოსუფლება".