„კრიპტოვალუტის საქმეზე“ „ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელების გამოსაკითხად მოსამართლემ სხდომა დახურა

29-01-2025 16:19:28 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაწილობრივ დაიხურა „კრიპტოვალუტის საქმეზე“ მიმდინარე სხდომა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურორ მიხეილ სადრაძის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

„განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დაიკითხოს ორი მოწმე: ნატო ხაინდრავა და დავით გაგუაშვილი. ამ მოწმეების ხსენება მნიშვნელოვანია შემდეგ კონტექსტში: ეს პირები 2015 წელს, სამართლებრივი ურთიერთობის დასაწყისში, წარმოადგენდნენ „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორს და დირექტორის მოადგილეს... მათი დაკითხვის პროცესში საუბარი შეეხება ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ შეთანხმების ისეთ პირობებს, რომელიც შეიცავს „ბანკი ქართუს“ კომერციულ საიდუმლოებას - მიმაჩნია, რომ სხდომის ნაწილი უნდა დაიხუროს და ნატო ხაინდრავა და დავით გაგუაშვილი დახურულ სასამართლო სხდომაზე უნდა იყვნენ დაკითხული“, - განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, სხდომაზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი:

„შეიძლება, უკვე მსოფლიომაც იცის ამ ხელშეკრულების შინაარსი. მეტსაც გეტყვით, მე ის ამობეჭდილი მიდევს და თუ სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებთ, რასაც ჩვენ უკანონოდ მივიჩნევთ, შემიძლია გადავცე ჟურნალისტებს და ვუთხრა, რომ გამოკვლევა და გამოქვეყნება შეუძლიათ. ამით არაფერი დაშავდება“.

მოსამართლეს მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმაც, რომელიც ამ საქმეში ბრალდებულია:

„მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ჩემი რაიმე ინფორმაცია გასაჯაროვდეს. პროცესი არის საჯარო, ეს [გამოკითხვა] არის მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და აუცილებლად უნდა იყოს საჯარო“.

მხარეების მოსმენის შემდეგ მოსამართლე გელაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ რიგი საკითხები შეიძლება გამჟღავნდეს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კომერციული ბანკის [„ბანკი ქართუს“] საიდუმლოებაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მოწმების, დავით გაგუაშვილისა და ნატო ხაინდრავას დაკითხვა უნდა მოხდეს დახურულ სასამართლო სხდომაზე“, - თქვა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, მოსამართლემ.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი 2023 წლის ივლისში წაუყენეს. წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში თავისი პირადი და ინვესტორის [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი] თანხებით კრიპტოვალუტა ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია ჩადო.

პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილისათვის გადაცემული თანხა - 5 მლნ აშშ დოლარი - სესხად გაცემული ინვესტიცია იყო, რის უზრუნველყოფასაც ივანიშვილი ახორციელებდა. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი განმარტავს, რომ ბაჩიაშვილმა, რომელიც 2015 წლისთვის უკვე საუკეთესოდ ერკვეოდა კრიპტოვალუტების ბიზნესში, ივანიშვილს თავიდანვე სთხოვა არა პარტნიორობა, არამედ „ქართუსგან“ სესხის აღებაში დახმარება. მისი თქმით, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის დაიდო „ჩვეულებრივი მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები