Accentnews.ge
კალაძემ სინანულისკენ მოუწოდა მედიამენეჯერს, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს

კალაძემ სინანულისკენ მოუწოდა მედიამენეჯერს, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს

29/01/2025 17:24:23 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძემ სინანულისკენ მოუწოდა მედიამენეჯერ მზია ამაღლობელს, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს.

„მინდა მზია ამაღლობელს ჯანმრთელობა ვუსურვო და ნებისმიერ პატიმარს. ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს, რის გამოა დაკავებული მზია ამაღლობელი? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანები ვართ, ხომ? შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, შეიძლება შეცდომა დაუშვას ნებისმიერმა ადამიანმა, ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია როცა პოლიციელს ურტყამ ხელს?! არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია, თუნდაც სინანული. გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად - შეცდომა დავუსვი და მაპატიეთ. მოგისმენიათ ეს? ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მოაწყოს არეულობა, რომელიც გარედან იმართება",- თქვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“. მზია ამაღლობელი მე-18 დღეა, შიმშილობს. როგორც მისი მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ცნობისთვის: მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S