ამერიკელი კონგრესმენი უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი მაკკლირი ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ

30-01-2025 20:04:17 პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიკის ოკეანისა და პოლიტიკური სპექტრის ორ სხვადასხვა მხარეს ვართ, გამოწვევა, რომელსაც ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, ერთობლივ, ტრანსატლანტიკურ და მრავალპარტიულ პასუხს საჭიროებს.

მოგიწოდებთ, დაყოვნების გარეშე იმოქმედოთ და სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს, ოლიგარქ მჩაგვრელს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პუტინის ჩარევას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოითხარა მის სუვერენიტეტს. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის დეკემბერში დაუწესა სანქციები ივანიშვილს; ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიისთვის პატივისცემის სულისკვეთებაში, გაერთიანებულმა სამეფომ იგივე უნდა გააკეთოს” , - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ჯო უილსონი და ჯეიმს მაკკლირი მოუწოდებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან, გაყვეს შეერთებული შტატების მაგალითს „საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმალურად შეჩერებით“.

„ივანიშვილის “ქართული ოცნების” პარტიამ მთელ ერს ჩამოართვა დემოკრატიული უფლებები, დაუშვა პუტინის ჯიბეში საქართველოს კიდევ უფრო ღრმად ჩაძრომა. გაერთიანებული სამეფოს სანქციებს შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს, ვინაიდან ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს მნიშვნელოვანი აქტივები უკავიათ გაერთიანებულ სამეფოში მდებარე კომპანიების მეშვეობით. მეტიც, ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტული საშუალება, ტელეკომპანია “იმედი” გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელობის ქვეშ ოპერირებს. ეს უბრალოდ მიუღებელია. მოვუწოდებთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, გაყვეს შეერთებული შტატების მაგალითს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმალურად შეჩერებით.

საგარეო მდივანო, მსოფლიო ახლა გაერთიანებულ სამეფოს შესცქერის, რათა აჩვენოს, რომ მყარად ვდგავართ საერთაშორისო სამართლის დაცვაში, და დაამტკიცოს, რომ ის რჩება გლობალურ ლიდერად მშვიდობისთვისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, როგორც ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ გავაკეთეთ.

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ოპოზიციური ხმების ძალადობრივი ჩახშობითა და ჟურნალისტების დევნით გამოირჩევა, არ შეიძლება, იგნორირებულ იქნას. სასწრაფო, ერთიანი და საერთაშორისო პასუხი უპირველესი მნიშვნელობისაა.

მხოლოდ ასეთი გაბედული ქმედებით შეგვიძლია პატივი ვცეთ და დავიცვათ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები,” - ნათქვამია წერილში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები