
კობახიძე – ივანიშვილის დასანქცირების შესახებ ამერიკელი კონგრესმენის უილსონის და ბრიტანელი დეპუტატის მაკკლირის წერილიზე: "აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა"
31/01/2025 10:02:46 პოლიტიკა
"ზოგადად, დიდი ბრიტანეთი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანია. ვიღაცებს „შერატონი“ ჰქონიათ ცივილიზაციის აკვანი, სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებზე, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ჯონ ლოკის ქვეყანაა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა“, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის და ბრიტანელი დეპუტატის ჯეიმს მაკკლირის წერილს.
ცნობისთვის: ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
მანამდე, კობახიძემ ლორდ დონ ტუიგი ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრტიკა:
- „რა არის ეს, თუ არა საბჭოური მიდგომა, როცა კაცი, ლორდთა პალატის წევრი, საუბრობს გაკულაკებაზე და ასეთ თემებზე, ეს არის სირცხვილი ევროპისთვის, თან ეს კაცი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ალბათ, ცნობილი ბრიტანელი, ინგლისელი მოღვაწეები საფლავში ტრიალებენ, როცა ასეთ რამეს ისმენენ ლორდთა პალატის წევრისგან".