Accentnews.ge
ქართულმა ოპოზიციამ სირიის ახალ ლიდერს სოხუმისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილების გაწვევის თხოვნით მიმართა

ქართულმა ოპოზიციამ სირიის ახალ ლიდერს სოხუმისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილების გაწვევის თხოვნით მიმართა

31/01/2025 14:44:07 კონფლიქტები, პოლიტიკა

საქართველოს ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სირიელ ხალხს "ბაშარ ალ-ასადის დიქტატურის დამარცხება" მიულოცა და ქვეყნის ახალ პრეზიდენტად გამოცხადებულ ამბოხებულთა ლიდერ აჰმად აშ-შარაას რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილების უკან გაწვევის თხოვნით მიმართა.

"ქართველი ხალხი ასევე აწარმოებს მშვიდობიან ბრძოლას კრემლის მხარდაჭერით მოსარგებლე არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ოთხი საკვანძო დემოკრატიული ძალა, რომელიც წარმოვადგენთ ხალხის ნებასა და სწრაფვას თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო მოწყობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, ხელი შეუწყოთ სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილერბის გაუქმებას.

როგორც იცით, საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატორულ რეჟიმებს აქვთ აღიარებული, როგორიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი დაუნდობელი რეჟიმის მხარდაჭერის სანაცვლოდ აღიარა საქართველოს ამ ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა" - ნათქვამია 23 იანვრით დათარიღებულ მიმართვაში, რომელსაც "კოალიციის ცვლილებებისთვის" წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა, "ძლიერი საქართველოს" სახელით ირაკლი კუპრაძე და პარტიის "გახარია - საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა აწერენ ხელს.

ცნობისთვის: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა ამ დრომდე მხოლოდ რუსეთსა და მის სატელიტ რეჟიმებს - ნიკარაგუას, ვენესუელას, სირიას, ასევე კუნძულოვან მიკროსახელმწიფო ნაურუს აქვს აღიარებული. საერთაშორისო არაღიარების ამ დრომდე წარმატებულ პოლიტიკაში ლომის წვლილი მიუძღვით საქართველოს მრავალწლოვან დასავლელ პარტნიორებს, უპირველესად - აშშ-ს, რომელმაც "ქართული ოცნების" ბოლო წლების პოლიტიკის შედეგად ჩვენს ქცეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვიტა.

თავად "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების მიერ სირიის ახალი ხელმძღვანელობისთვის ხსენებულ თემაზე მიმართვის შესახებ ამ დრომდე ოფიციალურად არაფერია ცნობილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S