GDI: ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

31-01-2025 19:09:58 სამართალი

ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივის“ (GDI) განცხადებით, "ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს".

ორგანიზაციის შეფასებით, "მსახიობის პატიმრობა “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის მინიმუმ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს".

“GDI “ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულ პირთა საქმეებს სწავლობს. საქმეების ანალიზი ხდება “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს, პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.

პატიმართა საქმეებს ეტაპობრივად შევისწავლით. ახლა კი, წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე - 29 წლის მსახიობის, რომელიც რეჟიმმა 2024 წლის 05 დეკემბერს დააკავა და ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფში მონაწილეობას ედავება. ანდრო, სხვა პატიმრებთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელის სახით 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანდროს საქმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მისი პატიმრობა ევროპის საბჭოს ზემოთ ნახსენები რეზოლუციის მინიმუმ ორ კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, ანდროს პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს, ამასთანავე, ის დაპატიმრებულია ქმედებისთვის, რასაც დანაშაულთან კავშირი არა აქვს და მისი წინასწარი პატიმრობა არის აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგი.

ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!“, - ვკითხულობთ “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: 28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით საკუთარ სახლში 4 დეკემბერს დააკავეს. იქამდე სახლი გაჩხრიკეს და ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის ტელეფონი, დალუქეს.

მსახიობები, მეგობრები, ოჯახის წევრები თუ მხარდამჭერები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერ ვიდეოებს, მოითხოვენ მისი და აქციებზე დაკავებული სხვა ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები