
სამოქალაქო აქტივისტებთან პოლიცია შევიდა
01/02/2025 13:55:32 საზოგადოება
1 თებერვალს პოლიცია თითქმის ერთდროულად მივიდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ მისამართებზე. მათ შორის არის ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებელი ნენსი ვოლანდი. როგორც იუწყებიან, მის სახლში ჩხრეკა ტარდება.
პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის პროცესში "დაიტოვეს" კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ილია ღლონტმა მის სახლთან შეკრებილ მხარდაჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ეს ყველაფერი 2 თებერვლისთვის დაანონსებულ აქციას უკავშირდება.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია აქტივისტ ისაკო დევიძის დაკავების შესახებაც. ახლობლების თქმით, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ისაკოს სახლიდან წაიღეს თანხა, რომელიც დედის ოპერაციისთვის სესხით აიღეს" და შემდეგ საოპერაციო თანხა, ხალხმა სულ რამდენიმე წუთში შეაგროვა.
შსს-ში აცხადებენ, რომ „სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“.
მათივე თქმით, პროცესი მიმდინარეობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
2 თებერვალს აქციაა დაგეგმილი სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან”, აღმაშენებლის ხეივანზე. პროტესტის მონაწილეებს გზის რამდენიმე საათით გადაკეტვა აქვთ დაგეგმილი. აქტივისტები აცხადებენ, რომ „თბილისი მოლთან“, 2 თებერვალს, 16:00 საათისთვის დაგეგმილი აქცია კვლავ ძალაშია.
"არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს სრული პანიკა აქვთ. მოქალაქეთა დაშინების მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას დასაკავებელთა სიების შესახებ, სახლებში უვარდებიან და აკავებენ აქტივისტებს, ადგილზე ამონტაჟებენ კამერებს, ცდილობენ შეკრების ადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. ჩვენი უკომპრომისო ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ დაშინებია მცდლობები მხოლოდ გვაძლიერებს. ეს შეკრებაც იქნება მკაფიო მესიჯი რეჟიმისთვის, რომ მზად ვართ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიყვანოთ პროტესტი!", - ვკითხულობთ აქციის ინიციატორთა განცხადებაში.
"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი რეპრესიული გადაწყვეტილება მიიღო