კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში 27 იანვარს თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა

01-02-2025 21:40:31 სამართალი

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში 27 იანვარს თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაშია აღნიშნულია, ზამირ კვეკვესკირი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

27 იანვარს, დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში შუახნის კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, კაცი დევნილი იყო და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა.

იმავე დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები