ილია ღლონტი: ჩხრეკისა და გამოკითხვის საფუძველი პოსტის გაზიარება იყო

02-02-2025 00:29:07 საზოგადოება

ფეისბუქჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელმა ილია ღლონტმა პოლიციის განყოფილება დატოვა.

როგორც თავად განაცხადა, გამოკითხვაზე გადაყვანის მიზეზი იყო გაზიარებული პოსტი 2 თებერვალს დაგეგმილი აქციის შესახებ.

„აღმოჩნდა, რომ ნიუსის გაზიარება იყო პრობლემა და ყველაფერი, რაც დღეს მოხდა, ამ საფუძვლით დევს საქმეში… ასევე, ის პირები, რომლთა მიმართაც ჯგუფურ ორგანიზებაზე იყო საუბარი და მიმართეს სასამართლოს, რომ ჩხრეკის განკარგულება გაეცათ, იქიდან ნახევარზე მეტს არ ვიცნობ, ცხოვრებაში არც ერთხელ არ მყავს ნანახი… წეღან გავიცანი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გოგონა, სახელი და გვარიც არ ვიცი, ერთმანეთს გადავხედეთ… სავარაუდოდ, ჩხრეკა მასთანაც ჩატარდა. როგორც ვხვდები იმის გამო მხოლოდ, რომ სტუდენტურ შეკრებაზე და მარშზე, ეგ პოსტი დაწერა “დაიტოვეში”, - განაცხადა ილია ღლონტმა.

ილია ღლონტის ბინაში პოლიცია 1 თებერვალს იყო შესული. ჩატარდა ჩხრეკა, წაიღეს ტექნიკა, ხოლო შემდეგ თავადაც პოლიციაში გადაიყვანეს.

“მეორე წრეზე, ისევ ტექნიკის გარეშე მტოვებენ.. ეს ალბათ ძალადობის კიდევ ერთ-ერთი იარაღია”, - განაცხადა ილია ღლონტმა. მის სახლი ჩხრეკა 2024 წლის დეკემბერშიც ჩატარდა.

“ამჯერად, წინასგან განსხვავებით, ლაივის გაშვების უფლება არ მომცეს, ტელეფონი ეგრევე ჩამომართვეს, სრულ იზოლაციაში ვიყავი, სახლში. საბოლოო ჯამში, თვითონ პრობლემა მდგომარეობს ამ რეჟიმის სისტემატურ უსამართლობაში, ყველანაირი მორალის ფარგლებიდან გასულები არიან… ასევე, ალბათ, ეძებენ ვიღაც ორგანიზატორებს. თვითონ არიან ამის ორგანიზატორები, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, იმიტომ, რომ მათ გადააბიჯეს ყველა სამართლებრივ ჩარჩოს, მათ შექმნეს ეს სიტუაცია ქვეყანაში და ისინი არიან დამნაშავეები იმაში, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. იმაში, რომ ხალხი თვითორგანიზებით მიდის ამ აქციებზე, ითხოვს მეტ და ფართო პროტესტს, ისინი არიან დამნაშავეები და ამ მოქმედებით ამას ვერანაირად ვერ გააჩერებენ”, - განაცხადა ილია ღლონტმა.

1 თებერვალს, პოლიცია ასევე შესული იყო ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებლის ნენსი ვოლანდის ბინაში. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ასევე ისაკო დევიძის სახლში, რის შემდეგაც ის, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

2 თებერვალს, 16:00 საათისთვის "თბილისი მოლთან" აქციაა დაგეგმილი. ინიციატორები გზის რამდენიმე საათით გადაკეტვას გეგმავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს 2 თებერვალს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს, რომ “თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში" და სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლების რისკისკენ მიუთითებს.

"არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს სრული პანიკა აქვთ. მოქალაქეთა დაშინების მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას დასაკავებელთა სიების შესახებ, სახლებში უვარდებიან და აკავებენ აქტივისტებს, ადგილზე ამონტაჟებენ კამერებს, ცდილობენ შეკრების ადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. ჩვენი უკომპრომისო ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ დაშინებია მცდელობები მხოლოდ გვაძლიერებს. ეს შეკრებაც იქნება მკაფიო მესიჯი რეჟიმისთვის, რომ მზად ვართ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიყვანოთ პროტესტი!", - ვკითხულობთ აქციის ინიციატორთა განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები