
კონგრესის დემოკრატმა წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტთან USAID-ს შესაძლო შეერთება გააპროტესტეს: "ეს არის მცდელობა, მთავრობა გადასცენ რამდენიმე არარჩეულ მილიარდერს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ"
04/02/2025 13:18:56 პოლიტიკა
კონგრესის დემოკრატმა წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტთან "შეერთებული შტატების სააგენტო საერთაშორისო განვითარებისთვის" (USAID)-ის შესაძლო შეერთება გააპროტესტეს.
ისინი ვაშინგტონში, USAID-ს ცენტრალური ოფისის წინ შეიკრიბნენ. დემოკრატმა კანონმდებლებმა საპროტესტო შეკრება მას შემდეგ გამართეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის დახმარების სააგენტოს თანამშრომლებს 2 თებერვალს ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ მეორე დღეს შეეძლოთ, სამსახურში არ გამოცხადებულიყვნენ და დაბლოკეს მათი წვდომა სამთავრობო ელექტრონულ ფოსტასა და USAID-ს პლატფორმებზე.
დემოკრატმა კანონმდებლებმა USAID-ს საქმიანობა დაიცვეს და განაცხადეს, რომ "სააგენტოს დაშლის მცდელობა კონგრესის უფლებამოსილებას ეწინააღმდეგება".
- „ჩვენ არ გვყავს მთავრობის მეოთხე შტო სახელად ილონ მასკი, და ეს მალე ძალიან ნათელი გახდება. არ ვიცი, რა მოტივაცია აქვს მასკს, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო იმ კანონებთან, რომლებიც აშშ-ის ხალხმა კონგრესის მეშვეობით მიიღო. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ USAID-ს,“ – განაცხადა კონგრესმენმა ჯეიმი რასკინმა.
დემოკრატმა სენატორმა კონექტიკუტიდან კრის მერფიმ USAID-ს დაშლის მცდელობა "საკონსტიტუციო კრიზისად შეაფასა" და პირობა დადო, რომ მას წინააღმდეგობას გაუწევს.
- „ხალხი წყვეტს, როგორ უნდა დაიხარჯოს მათი გადასახადების ფული. ამას ილონ მასკი ვერ გადაწყვეტს. ეს არის მცდელობა, მთავრობა გადასცენ რამდენიმე არარჩეულ მილიარდერსა და კორპორატიულ ინტერესებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", – განაცხადა მან რასკინთან ერთად გამოსვლისას.
რა თქვა მასკმა
კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელმა, მილიარდერმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელიც დონალდ ტრამპმა ახალი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნა, 2 თებერვალს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ "USAID „კრიმინალური ორგანიზაციაა“ და მისი „სიკვდილის დროა".
რა თქვა რუბიომ
3 თებერვალს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესს წერილით აცნობა სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა, სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდეს, ხოლო დანარჩენი გაუქმდეს. მან დაადასტურა, რომ დროებით ასრულებს USAID-ს დირექტორის მოვალეობას, თუმცა აღნიშნა, რომ ამ უფლებამოსილების ნაწილი სხვა პირებზეა გადაცემული და თავად სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაში არ ერევა.
რუბიოს თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტთან შერწყმის გადაწყვეტილება „არა პროგრამების დასრულებას,“ არამედ პოლიტიკის კოორდინაციას უკავშირდება, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით უნდა მოხდეს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიქნებით ყველაზე გულუხვი ქვეყანა დედამიწაზე, მაგრამ ისე, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდეს", – განაცხადა რუბიომ 3 თებერვალს Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რა არის USAID
USAID დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელიც კონგრესმა 1961 წელს შექმნა და დღეისთვის მსოფლიოს გარშემო დაახლოებით 10,000 თანამშრომელი ჰყავს.
USAID 120-მდე სახელმწიფოში მონაწილეობს ჰუმანიტარულ, განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ პროგრამებში. კონგრესში მოქმედი ორპარტიული კვლევის სამსახურის თანახმად, სააგენტო "დახმარებას უწევს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს და კონფლიქტით მოცულ ქვეყნებს; ხელმძღვანელობს აშშ-ის ძალისხმევას სიღარიბესთან, დაავადებებთან ბრძოლაში და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში; და ეხმარება აშშ-ის კომერციულ ინტერესებს, განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერით".
USAID, რომლის წლიური ბიუჯეტი თითქმის 43 მილიარდი დოლარია, პასუხისმგებელია უცხოეთის ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე.
2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მათი შესაბამისობის დადგენამდე.
„ოცნების" ხელისუფლების პოზიცია USAID-ს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკაზე
რაც შეეხება „ქართული ოცნების" ხელისუფლების პოზიციას USAID-ს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკაზე, ის ამ კრიტიკას თავისი მიზნებით იყენებს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ USAID-მა საქართველოსთან მეგობრობის გამყარების ნაცვლად დაუშვა რამდენიმე სამწუხარო შეცდომა, რაც, მისი თქმით, დღემდე სათანადოდ არ გამოუსწორებია. ამ კონტექსტში მან კვლავ ახსენა USAID-ს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა.
[2020 წლის 11 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) , რომელიც წლებია, აკვირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და აკეთებს ხმის პარალელურ დათვლას, გაავრცელა განცხადება მასთან დაკავშირებულ პროცესზე და განმარტა, რომ შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
ISFED-ს ცნობით, მისი პარალელური დათვლით “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6% გახდა და სხვაობა 1.8%-ს შეადგენდა.
მანამდე, 2020 წლის 9 დეკემბერს ISFED-ს მიერ ჩატარებულ ხმის პარალელური დათვლის შედეგებზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ" პარალელური დათვლის შედეგების “უხეში მანიპულაცია“ მოახდინა და ამას რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად მოიაზრებდნენ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ISFED–თან დაკავშირებული აღნიშნული საკითხი "ოცნებამ" კვლავ გაააქტიურა.
„ყველა მიმართულებით გვაქვს გაგზავნილი მოწვევა. უცხოელ დამკვირვებლებს სრული შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საქართველოში. მათ შორის აქტიურობს NDI, IRI, მათი დამკვირვებლებისთვის ჩვენი ოფისების კარი არის ღია. მიდიან ნებისმიერ რეგიონში, სვამენ კითხვებს, იღებენ ინფორმაციას, სრული თანამშრომლობა გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან არჩევნებზე დაკვირვების მიმართულებით. რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზაციებს, მათ შორისაა – ISFED-ი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ა.შ. რამდენიმე ძირითადი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა დააკვირდეს ობიექტურად ამ არჩევნებს, ისინი პირდაპირი ფორმით არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. ისინი პირდაპირ ასახელებენ საარჩევნო სუბიექტებს და ასეთ დროს როგორ შეიძლება, მათ განახორციელონ ობიექტური დაკვირვება? გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ, რომ ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელმაც ოთხი წლის წინ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გააყალბა პარალელური ხმის დათვლის შედეგები. პირდაპირ გააყალბა. ხელისგულზე იდო ეს ყველაფერი. ძალიან მარტივად ჩანდა. მეორე დღეს პირადად გავაკეთე ექსელის ცხრილი, სადაც გამოჩნდა, რომ ბათილი ბიულეტენები ჰქონდათ მითვლილი. ხელისგულზე იდო ყველაფერი იმავე წამს და ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ მათ ეს გადაცდომა ეღიარებინათ. სინამდვილეში ეს იყო გაყალბება და ამიტომ არ აღიარებდნენ. რომ ყოფილიყო შეცდომა და ობიექტურები ყოფილიყვნენ, მეორე დღესვე დადებდნენ აღიარებით ჩვენებას, მაგრამ ხუთი კვირა არ აღიარეს სწორედ იმის გამო, რომ ეს იყო არა შეცდომა, არამედ გაყალბება“, – განაცხადა კობახიძემ 9 სექტემბერს.
ISFED განმარტავს, რატომ არ აქვეყნებს 2024 წლის საპარალმენტო არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემებს]
დღეს მოხსენებაში "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კვლავ გაიმეორა "ქართული ოცნების" ნარატივი რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე, რომელთა შესახებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც დროდადრო ავრცელებს განცხადებებს დაწყებულ გამოძიებაზე, თუმცა აქამდე კონკრეტული შედეგის გამოუქვეყნებლად.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 2 ოქტომბერს სუს–ში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ს დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".
ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ს სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.