04-02-2025 20:36:45 პოლიტიკა
მოსკოვი "ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) დელეგაციის გაწვევის გამო აქებს და მიანიშნებს, რომ კარგი იქნებოდა, PACE თავად საქართველოსაც დაეტოვებინა. შესაბამისი შინაარსის პუბლიკაცია სოციალურ ქსელში ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინე კოსაჩოვმა განათავსა.
მისი შეფასებით, "ოცნების" მხრიდან ორგანიზაციიდან ქართული დელეგაციის გაწვევა "გარდაუვალი და სრულიად გასაგები" ნაბიჯი იყო, რომელიც "იმსახურებს გაგებასა და პატივისცემას“.
"ყველაფერი დაიწყო გასულ კვირას, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვისა და "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნებით, რომელიც ქართულმა დელეგაციამ შეურაცხმყოფელად შეაფასა და პროტესტი სესიაზევე დააფიქსირა. გარდაუვალი შედეგიც სახეზეა (ქართული დელეგაციის გაწვევა), - მართალია, ჯერ შუალედური, მაგრამ მაინც: ჩვენ - რუსებმა უკვე გამოვიარეთ და ვიცით, რომ არსებობს ევროსაბჭოდან გასვლის შესაძლებლობაც" - წერს რუსი კანონმდებელი და იქვე იმეორებს მოსკოვისა და თავად "ოცნების" ცნობილ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივს, თითქოს ევროპა "სჯის" საქართველოს იმის გამო, რომ თბილისმა "უკრაინის, მოლდოვისა და იმ პერიოდის თავად ევროპისგან განსხვავებით, როდესაც იგი რეალურად დამოუკიდებელი იყო და ჯერ არ იყო ქცეული აშშ-ის კოლონიად, როგორც ახლაა, განვითარების სუვერენული გზა აირჩია".
"კონტინენტის ევროპული ნაწილის "პროგრესულმა" ნაწილმა ხომ სწორედ ასეთი როლი გამოუყო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს. მათ, ვინც შეეწინააღმდეგება - სანქციები, სანამ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, ან სანამ სანქციები არ დასრულდება. ასეც ხდება ხოლმე, რუსეთმა ესეც გამოიარა და რბილად რომ ვთქვათ, მშვენივრად ადაპტირდა" - წერს კოსაჩოვი.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება PACE-ს მიერ ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ამ ეტაპზე მხოლოდ შეზღუდვის საპასუხოდ მიიღო. ამასთან, რეზოლუციით აღინიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს 2025 წლის აპრილის სესიაზე დაუბრუნდება და გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეასრულებს ივანიშვილის სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველი გუნდი ორ პირობას - პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას.
3 თებერვალს „ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიმართვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრთა გაწვევის თაობაზე. დელეგაციიდან გადის ყველა წარდგენილი წევრი, კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ — თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე, „ხალხის ძალიდან“ — ეკა სეფაშვილი, ასევე სათადარიგო შემადგენლობის წევრები რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე.
„ისინი გამოწვეული არიან დელეგაციის შემადგენლობიდან, თუმცა დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“, — განმარტა "ოცნების" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.