ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი "ოცნებას" ოპოზიციასთან დიალოგის განახლებისთვის პირობების შექმნისკენ მოუწოდებს

25-02-2020 18:00:59 საგარეო პოლიტიკა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ატილა მესტერჰაზი საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემაზე დიალოგის განახლებისთვის პირობების შექმნისკენ მოუწოდებს.

„ნატო დაფუძნებულია დემოკრატიის პრინციპებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაზე. ამ პრინციპების ერთგულება ასევე მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვასა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ქონას, რაც ალიანსში ინტეგრაციის პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ ის ამ ღირებულებების ერთგული რჩება. ვწუხვარ, რომ არ შესრულდა დაპირება, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გამართულიყო. ამ დაპირების არშესრულება ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას პირობები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგის განახლებისთვის, იმისთვის, რომ აღდგეს ხალხის ნდობა, უზრუნველჰყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება“,- ნათქვამია ატილა მესტერჰაზის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს "The Washington Times"–მა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი გახარია აცხადებს, რომ „დადგა დრო, ნატო-მ გაწევრიანების შესახებ საქართველოს მოთხოვნას უპასუხოს“.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები