Accentnews.ge
სოხუმის აღდგენილი აეროპორტი ხვალ პირველ საცდელ რეისს მიიღებს

სოხუმის აღდგენილი აეროპორტი ხვალ პირველ საცდელ რეისს მიიღებს

06/02/2025 19:00:43 კონფლიქტები

სოხუმის აღდგენილ აეროპორტში რუსეთიდან პირველი - სატესტო რეისის მიღება ხვალ, 7 თებერვალს იგეგმება, რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებას კი ზაფხულის სეზონის გახსნის დროისთვის ვარაუდობენ, - განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კრემლის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე.

3 თებერვალს აღდგენილი აეროპორტი პუტინის ადმინისტრაციაში აფხაზეთის მიმართულების ახალმა კურატორმა - ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ მოინახულა და განაცხადა, რომ მოსკოვისთვის ამ აეროპორტის დროული ამოქმედება "პრინციპულად მნიშვნელოვანი" საკითხია, რის მიზეზადაც დაასახელა "ახალი შესაძლებლობები როგორც აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, ისე რუსი ტურისტებისათვის" და იქვე დასძინა, რომ რუსი ინვესტორები სამომავლოდ აეროპორტის გაფართოების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

"იმისათვის, რომ საკურორტო სეზონის დაწყების დროისთვის რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან რეისების სრულფასოვნად ამოქმედება შევძლოთ, პირველი სატესტო რეისის მიღება უკვე თებერვალში უნდა განვახორციელოთ. ეს აეროპორტი ახალ შესაძლებლობებს გახსნის როგორც აფხაზეთისთვის, ისე რუსი ტურისტებისათვის. გულახდილად რომ ვთქვა, მე ასეთი ლამაზი პროექტები ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს" - განაცხადა კირიენკომ აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ რუსი კურატორი აეროპორტის ტერიტორიას დე-ფაქტო პრეზიდენტობის კრემლის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ ბადრა გუნბასთან ერთად ათვალიერებდა, რამაც აფხაზური ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, მართალია, თავის დროზე გუნბა აეროპორტის რეკონსტრუქციის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დე-ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, ეს უფლებამოსილება შეუჩერდა და შესაბამისად, აფხაზური კანონმდებლობით, უფლება არ ჰქონდა, სარეკონსტრუქციო შტაბის უფროსის მოვალეობები განეხორციელებინა.

თავის მხრივ, კირიენკომ უარყო ოპოზიციონერთა მინიშნებები კრემლის მიერ სწორედ გუნბას კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე და ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსკოვი "აფხაზეთის მოსახლეობის ნებისმიერ არჩევანს მიიღებს".

ცნობისთვის: დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 15 თებერვლისთვისაა დანიშნული.

რაც შეეხება სოხუმის აეროპორტს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიუოლ მთლიანობას, ამ აეროპორტს საერთაშორისოდ არ აღიარებს. ორგანიზაციამ სოხუმის აეროპორტს კოდი ჯერ კიდევ 2006 წელს გაუუქმა და თავისი დოკუმენტებიდან ამოშალა.

2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ რუსულ კომპანია "ინფრასტრუქტურნოე რაზვიტიესთან" სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმება გააფორმა. როგორც იმჟამინდელი დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია აცხადებდა, აეროპორტი 2024 წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო.

"ინფრასტრუქტურნოე რაზვიტიე" რუსეთის შს ექს-მინისტრ რაშიდ ნურგალიევის ვაჟის კომპანიაა. ამჟამად რაშიდ ნურგალიევი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S