Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 3-6 თებერვალი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 3-6 თებერვალი

07/02/2025 13:09:56 კონფლიქტები

აფხაზეთის „პრეზიდენტობის კანდიდატი“ ბადრა გუნბა მოსკოვში ჩავიდა

ვიზიტის მიზნად ე.წ. აფხაზურ დიასპორასთან „წინასაარჩევნო“ შეხვედრები დასახელდა, თუმცა ბადრა გუნბამ რიგი შეხვედრები რუსეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთანაც გამართა.

კერძოდ, გაიმართა მისი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან, რომელმაც აფხაზეთს “ყოფილი საბჭოთა კავშირის მარგალიტი” უწოდა და ხაზი გაუსვა სოხუმთან თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას. “სავაჭრო ბრუნვა ჩვენ შორის იზრდება. როგორც მესმის, გასულ წელს აფხაზეთის მშპ 8%-ით გაიზარდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს კავშირებშია ჩადებული, განსაკუთრებით ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროში, აუცილებლად მიგვიყვანს ეკონომიკის განვითარებამდე, სოციალური პრობლემების გადაწყვეტამდე და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებამდე”, - განაცხადა ლავროვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი სოხუმის აეროპორტის გახსნას ელის, რაც, მისივე თქმით, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

გუნბა ასევე შეხვდა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს რომან სტაროვოიტს, რომელთან საუბარი აეროპორტის ამოქმედების საკითხის ირგვლივ წარიმართა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი საცდელი რეისი მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით 7 თებერვალს შესრულდება. ამასთან, ცნობილი გახდა ის პირველი ავიაკომპანია, რომელიც სოხუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებს - ეს თათრეთის რესპუბლიკის ავიახაზები «იუვთ-აერო» იქნება.

ფინანსთა მინისტრთან ანტონ სილუანოვთან შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ რუსეთი კვლავაც უზრუნველყოფს აფხაზეთის „საჯარო სექტორის“ ანაზღაურების თანადაფინანსებას. „ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ დღეს მივაღწიეთ ურთიერთგაგებას, რომ მომავალშიც განვაგრძობთ დახმარების აღმოჩენას, მათ შორის საჯარო მოხელეებისთვის. ყველა აღებული ვალდებულება შესრულდება“, - განაცხადა გუნბამ. დაპირებული ფინანსური დახმარება 344 მილიონი რუბლის ოდენობით აფხაზეთმა მეორე დღესვე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს ფინანსური დახმარება ნაწილობრივ შეუწყვიტა, რაც ძირითადად „საჯარო მოხელეების“ ანაზღაურების თანადაფინანსებას შეეხო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნოემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს თანადაფინანსება სრულად შეუჩერა, რამაც მათ შორის საინვესტიციო პროგრამაც მოიცვა.

ვიზიტის ფარგლებში, ბადრა გუნბამ ასევე დარწმუნებით თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით აფხაზეთში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას შეძლებს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკთან გუნბას შეხვედრიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ აფხაზურ «ჩერნომორგენერგოსა» და რუსულ «ინტერ-რაოს» შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, 7 თებერვლიდან აფხაზეთის დამატებით მიეწოდება ელექტროენერგია 182 მილიონი კვ/სთ მოცულობით. ელექტროენერგიის კომერციულმა ფასმა 830 მილიონი რუბლი შეადგინა, თუმცა ის რუსეთის ბიუჯეტიდან დაიფარება.

მანამდე ოპოზიციის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ თებერვალში ენერგოკრიზისის მორიგი ტალღაა მოსალოდნელი. ენერგოკრიზისის საფრთხე განპირობებულია იმით, რომ რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის სოციალური ნაკადი, რომლის მოცულობა ჯამში 327 მილიონ კვ/სთ-ს შეადგენს, მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებამდე იქნება საკმარისი.

გაიმართა გუნბას შეხხვედრა ვიცე-პრემიერთან ალექსანდრ ნოვაკთან. მან სრული მზადყოფნა გამოთქვა, რათა სოხუმისთვის მიუღებელი საინვესტიციო შეთანხმების ტექსტი შეიცვალოს და მასში ორივე მხარის ინტერესები აისახოს. გარდა ამისა, მან განაცხადა, უახლოეს მომავალში რუსეთი აფხაზეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად სპეციალურ ფონდს შექმნის და რომ მისთვის უკვე გამოყოფილია 100 მილიონი რუბლი.

ბადრა გუნბამ შეხვედრა ასევე გამართა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრთან მიხაილ მურაშკოსთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა ჯანდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა. მიღწეულ იქნა შეთანხმება აფხაზეთის საავადმყოფოსთვის სისხლძარღვთა გამოკვლევის ძვირადღირებული რენტგენოლოგიური აპარატის შეძენის, აფხაზი ბავშვების რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმების, ასევე ბავშვთა საავადმყოფოს მშენებლობის გაგრძელების თაობაზე, რომელიც რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა.

გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა კრემლის ახალდანიშნულ კურატორთან, სერგეი კირიენკოსთან, რომელიც აფხაზეთს ახლახან ეწვია. მან გაიმეორა ვიზიტის დროს დე ფაქტო ხელისუფლებისთვის მიცემული დაპირება, რომ 9 მაისისთვის რუსეთი უზრუნველყოფს აფხაზეთში მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანთა მემორიალების სრულ აღდგენას, რაც მისივე თქმით, «პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირადი დავალების საფუძველზე განხორციელდება».

ბადრა გუნბას ოფიციალურმა შეხვედრებმა ოპოზიციური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ოპოზიციის „პრეზიდენტობის“ კანდიდატის, ადგურ არძინბას „საარჩევნო შტაბმა“ გაავრცელა განცხადება და განაცხადა, რომ ბადრა გუნბა აღარ არის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და მას არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება, რომ ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართოს და ხალხის სახელით მოლაპარაკებები აწარმოოს. „მსგავსი ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნო პიარი, რომელიც ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ბადრა გუნბა ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთთან ურთიერთობებში ოფიციალური როლი აქვს, რისთვისაც სინამდვილეში მანდატი არ გააჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ადგურ არძინბას შტაბმა პოლიტიკურ ძალებსა და დე ფაქტო ცესკო-ს რეაგირებისკენ მოუწოდა.

ფართო საზოგადოებაში ბადრა გუნბას «მაღალი დონის» შეხვედრები და ვიზიტის შედეგები აღქმულ იქნა, როგორც მის მიმართ მოსკოვის უპირობო მხარდაჭერა.

დე ფაქტო ხელისუფლება სირიის პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი ქართული ოპოზიციის მიმართვას გამოეხმაურა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს „საგანგებო დავალებათა ელჩმა“ კან ტანიამ კომენტარი გააკეთა სირიის ხელისუფლებისადმი ქართული ოპოზიციის მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევას ეხება.

კერძოდ, კან ტანიას მტკიცებით, აღიარების გაწვევის კონცეფცია საერთაშორისო სამართალში არ არსებობს და საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ „დიპლომატიური ურთიერთობების“ გაწყვეტაზე, რაც, მისივე თქმით, ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივას პოპულისტურს და სამართლებრივად უსაფუძვლოს ხდის. „ოპოზიციის დასუსტებული პოზიციები და საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვა მათ აიძულებს, ყურადღება ისეთ საერთაშორისო თემებზე გადაიტანონ, რომლებიც მოსახლეობის მხარდაჭერის მობილიზებას ხელს შეუწყობს. ეს განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკაა, რომელსაც, ჩემი აზრით, რეალური პერსპექტივა არ გააჩნია“, - აღნიშნა ტანიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სირიას შორის ამჟამინდელი ურთიერთობები გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში ვითარდება, რაც ურთიერთპატივისცემასა და ისტორიულ კავშირებზეა დაფუძნებული. „დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა აფხაზეთთან სირიას არანაირ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ სარგებელს არ მოუტანს, პირიქით, ეს კიდევ უფრო გაართულებს ისედაც დაძაბულ გეოპოლიტიკურ გარემოს“, - დასძინა ტანიამ.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ სირიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პრაგმატული და დამოუკიდებელი კურსი უცვლელი დარჩება და ნებისმიერი გარე მცდელობა, გავლენა მოახდინოს ამ ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებზე, წარუმატებელი იქნება.

რუსი ტურისტების ნაკადი ოკუპირებულ აფხაზეთში შემცირდა

უკანასკნელ პერიოდში, გასული წლის ნოემბრის პროტესტების ფონზე, რუსი ტურისტების ნაკადი აფხაზეთში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებმა ტურისტულ სააგენტოებს მიმართეს რეკომენდაციით, დროებით შეწყვიტონ ტურების გაყიდვა აფხაზეთში, ხოლო ტურისტებმა იქ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

იმას, რომ ტურისტული ნაკადი პირდაპირ კავშირშია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან, თავად კრემლის ოფიციალური პირები და რუსული ტუროპერატორები ადასტურებენ. აფხაზეთში განხორციელებული ვიზიტის დროს, კრემლის ახალმა „კურატორმა“ სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ 2025 წელი ტურიზმის თვალსაზრისით შესაძლოა „რეკორდული“ აღმოჩნდეს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ნოემბრის მოვლენების შემდეგ ტურისტები ფრთხილობენ. „ეს გასაგებიცაა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ემოციები ჩაქრება, და ყველაფერი კანონმდებლობის ჩარჩოებში დარჩება, ძალისმიერი გადატრიალების მცდელობების გარეშე“, - განაცხადა კირიენკომ.

ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე რუსული ტურისტული პლატფორმის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ტოლჩინმაც ისაუბრა. მისი ვარაუდით, „არჩევნებამდე“ ტურისტული ნაკადის გაზრდა შეუძლებელია. მისი თქმით, „არჩევნების შედეგები ჯერ აფხაზეთში უნდა იქნას აღიარებული, ხოლო შემდგომ - რუსეთში“. „მნიშვნელოვანია, აფხაზეთში ვითარება უფრო სტაბილური გახდეს, არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და აეროპორტი ამოქმედდეს. ყველა ამ ფაქტორის დაკმაყოფილება ტურისტების მატებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა მან.

მსგავსი პოზიცია რუსეთის ტურიზმის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა იური ბარზიკინმაც გამოხატა. „ვფიქრობ, ნებისმიერი მასპინძლის ინტერესშია, რომ მისი სახლი იყოს სუფთა, უსაფრთხო და სტუმართმოყვარე – ასეთ შემთხვევაში სტუმრებიც აუცილებლად ჩამოვლენ. მაგრამ თუ ისინი [მასპინძლები] ერთმანეთში ურთიერთობებს არკვევენ, უმჯობესია, ჯერ გაარკვიონ და მერე სტუმრებს ელოდონ“, - აღნიშნა ბარზიკინმა.

რუსულმა კვლევითმა ცენტრმა აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული კვლევის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

19-21 იანვარს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა და საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 77% ინფორმირებულია დაგეგმილი „არჩევნების“ თაობაზე, ხოლო დეკლარირებული აქტივობა 69%-ს შეადგენს.

რაც შეეხება „კანდიდატების“ მხარდაჭერას, ხმები ასე განაწილდა: ბადრა გუნბა - 32%, ადგურ არძინბა - 15%, ოლეგ ბარციცი - 7%, რობერტ არშბა - 5%, ადგურ ხურხუმალი - 5%, ყველას წინააღმდეგ - 4%. 34%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა „გაუჭირდა“.

კვლევითმა ცენტრმა ზემოხსენებული მონაცემები მეთოდოლოგიურად დაამუშავა და საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. კერძოდ, გამოკითხულთა 42.3% მხარს ასლან ბჟანიას გუნდის წევრს ბადრა გუნბას უჭერს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა ადგურ არძინბამ ხმათა 27.3% მიიღო. ამავე შედეგების თანახმად, რობერტ არშბას ხმა გამოკითხულთა 11.2%, ოლეგ ბარციცს - 9.6%, ხოლო ადგურ ხურხუმალს - 4.4% მისცა. ამომრჩეველთა აქტივობა 65%-ით განისაზღვრა.

2-4 თებერვალს აფხაზეთში გამოკითხვა კიდევ ერთმა რუსულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 500-მა რესპონდენტმა მიიღო. გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, „არჩევნებზე“ ხმათა 41%-ს ბადრა გუნბა მიიღებს, ადგურ არძინბა - 33%-ს, რობერტ არშბა - 12%-ს, ოლეგ ბარციცი - 5%-ს, ხოლო ადგურ ხურხუმალი - 2%-ს.

დე ფაქტო ხელისუფლება თურქეთში „საარჩევნო უბნის“ გახსნას აპირებს

აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დმიტრი მარშანმა განაცხადა. მისი თქმით, „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ სამი „საარჩევნო უბანი“ გაიხსნება, მათ შორის ერთი თურქეთის ქალაქ საქარიაში, ხოლო დანარჩენი ორი - მოსკოვსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში.

უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი 152 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნება.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას ხუთი კანდიდატი მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S