„მთავარი არხი" ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ იუწყება

26-02-2020 00:17:23 პოლიტიკა

ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატი, რომლის შეხვედრები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმართება, თბილისში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას 4 აპრილს დაგეგმილ აქციაზე აპირებს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელიც თბილისის სხვადასხვა ოლქში ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მაჟორიტარ კანდიდატად წარსდგება: „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე, ამავე პარტიიდან მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან ლევან ხაბეიშვილი და ზაალ უდუმაშვილი; „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე.

ესა თუ ის კანდიდატი კენჭს რომელ ოლქში იყრის - ჯერ-ჯერობით უცნობია.

ალეკო ელისაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

„ესე იგი, ახლახანს წავიკითხე, რომ თურმე, ოპოზიცია შეთანხმებულა თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე და მათ შორის მეც თურმე, დასტური მითქვამს. არ ვიცი, ვინ რატომ მისცა თავის თავს უფლება, მე და „სამოქალაქო მოძრაობას“ პოლიტიკური ბედი გადაგვიწყვიტოს?! რატომ გადაწყვიტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ უნდა მიგვითითოს, სად, ვინ დავაყენოთ კანდიდატურებად, ან სად კონკრეტულად, ვის უნდა დავუჭიროთ მხარი? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მცირე აზრთა გაცვლა გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს“, - წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქში“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები