07-02-2025 21:08:54 საზოგადოება
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფმა მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც 27 დღეა შიმშილობს, კლინიკა "ვივამედში" მოინახულეს.
კლინიკის დატოვების შემდეგ გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა "დასაფიქრებელია, არ არის მარტივი".
"როგორც გავეცანი დოკუმენტებს და ისტორიას, იყო კიდევ უფრო მძიმე სავადმყოფოში გადმოყვანამდე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა და ფაქტობრივად, ყველაფერი ტარდება იმისთვის, რომ შიმშილობამ არ გამოიწვიოს მალე მძიმე შედეგები.
დღესდღეობით, ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ, არ არის, მაგრამ ეს, ალბათ, ჩემი კოლეგების დამსახურებაა, იმ კლინიკის, რომლებიც ადეკვატურად, დროულად და კარგად მკურნალობენ", - ამბობს ექიმი.
თუმცა აქვე ხაზს უსვამს, რომ ამ მდგომარეობასაც აქვს საზღვარი და "ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია":
"რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში მიდის ისეთი ცვლილებები, რომ ეს მოხმარება გარედან, რაც ადეკვატურია, აღარ იქნება საკმარისი. ანუ ადამიანი არ არის ისეთი მარტივი მექანიზმი, რომ რაღაც დააკლდა, შეავსო და შემდეგ იმან იმუშავოს. კი, შევავსებთ ყველაფერს, მაგრამ შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, ის ვეღარ დავიჭიროთ. ძვრები ბევრნაირი: გულში, საჭმლის მომნელებენ სისტემაში, თირკმელში, ფილტვში, ღვიძლში, ყველა სისტემაში, ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს თანდათან".
მისივე თქმით, კოლეგები შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუკი მზია ამაღლობელი შიმშილობას გააგრძელებს, ის უნდა დარჩეს კლინიკაში სამკურნალოდ:
"პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ იგი აგრძელებს შიმშილობას, უნდა დარჩეს კლინიკაში. ოღონდ იგივე ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც, რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარგად იციან ექიმებმა, შემდეგ, თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევა ვეღარ იზამს ისე, რომ პაციენტი გადავარჩინოთ".
ექიმმა თქვა, რომ ამჟამად ამაღლობელს აქვს ძლიერი სისუსტე, თუმცა შეუძლია ნელი ტემპით გადაადგილება:
"საკმაოდ სისუსტეა, მაგრამ ძირითადი სასიცოცხლო ცვლილებები ჯერჯერობით დაწყებული არაა. მეტყველებს ჩვეულებრივად, სვენებ-სვენებით. მზია საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული ქალია და ალბათ, უფრო ცოცხალი მეტყველება ექნებოდა ადრე, თუმცა ყველანაირად კარგად აზროვნებს. გადაადგილება პალატაში შეუძლია ნელა, მაგრამ შეუძლია. გულის უკმარისობა, ფილტვის უკმარისობა, ღვიძლის ისეთი დაზიანება, რომ რაღაც უკმარისობაზე იყოს ეჭვი, ჯერჯერობით დაწყებული არაა. ამის მზა რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს".
ენდოკრინოლოგმა, ნუტრიციოლოგმა ელენე გიორგაძემ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს საპატიმროში დაბრუნება სურს, რაც მიზანშეწონილი არ არის:
„ვთვლი, რომ მზია ამაღლობელი დროულად იყო კლინიკაში გადაყვანილი. რაც კეთდება, კეთდება სწორად. რა თქმა უნდა, საჭმელს არაფერს იღებს, ამიტომ მიდის შევსება მიკრო-მაკრო მედიკამენტებით. მადლობა იმისთვის, რომ ამას თვითონ არ აპროტესტებს და ძალიან კარგად ესმის. აბსოლუტურად ადეკვატურია. ლაპარაკობს მშვიდად, წყნარად. ძალიან დიდი ხანი ველაპარაკებოდით და ბოლოსკენ დაიღალა. თვითონ თქვა, რომ იყო უარესად და ახლა უკეთესად არის. პალატაში ვცდილობ სიარულს და დავდივარო. საპატიმრო დაწესებულებაში ამას უფრო ვაქცევდი ყურადღებასო.
ცუდი ამბავი არის ის, რომ აუცილებლად უნდა საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება, რაც მიზანშეწონილი არ არის. მე ბოდიში მოვუხადე და ვთხოვე, შიმშილი შეწყვიტოს. არ შეწყვეტს შიმშილს, ეს გასაგებია, მაგრამ თუ შიმშილს არ შეწყვეტს, მაშინ უნდა იყოს კლინიკაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას შეუნარჩუნოთ არამარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს. ამ ეტაპზე ყველაფერი ხდება ადეკვატურად და სწორად.
შიმშილის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე როდის, რა დროს რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, არავინ იცის. რადგან საკვებს რეალურად არ იღებს“.