
სოხუმის აეროპორტმა პირველი რეისი მიიღო: "სუვერენიტეტის მორიგ შელახვაზე დუმილი სუვერენულობის მოშლას კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს"
08/02/2025 00:39:20 კონფლიქტები
საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე "ოცნების" ხელისუფლება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენასა და პირველი სატესტო რეისის შესრულებას ამ დრომდე არ გამოჰხმაურებია. "ოცნება" დუმს. ოპოზიცია და ექსპერტები კი "სუვერენულობის ჩამოშლაზე" საუბრობენ.
მათ შორისაა, თეონა აქუბარდია, რომელიც მომხდართან დაკავშირებით სწორედ "ოცნების" დუმილზე ამახვილებს ყურადღებას.
"ოკუპირებულ სოხუმის აეროპორტში 30 წლის შემდეგ პირველი სატესტო ფრენა შედგა რუსული ავიაკომპანიის მიერ. სამი წელი პარლამენტში სოხუმის აეროპორტის საკითხზე ვსაუბრობდი საგარეო მინისტრთან და ვითხოვდი ქმედებას განცხადების დონეზე მაინც. შედეგად დღეს რუსული ავიახაზები დაფრინავენ თბილისშიც და აწი უკვე ოკუპირებულ აფხაზეთშიც, ისე, რომ შესაბამისი უწყება არ იმჩნვს ამას. სუვერენიტეტის მორიგი შელახვის ფაქტზე როცა არ რეაგირებს საგარეო უწყება, ეს სუვერენულობის მოშლას კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს არამხოლოდ კრემლის, არამედ ოლიგარქიის რეჟიმის მხრიდან!" - წერს აქუბარდია სოციალურ ქსელში.
ფაქტს გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძეც, რომლის შეფასებით, ასეთი შედეგი მოაქვს "ოცნების" მიერ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებას.
"სოხუმის აეროპორტი მოსკოვიდან საცდელ რეისს იღებს, პუტინი აფხაზეთთან ურთიერთობას პრიორიტეტად აცხადებს, ხოლო ყირგიზეთი 1 მარტიდან იწყებს აფხაზური სანომრე ნიშნიანი მანქანების რეგისტრაციას! ეს შედეგი მოაქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებას! ახალი კანონით კრიტიკა ფაქტიურად აკრძალულია, “აღფრთოვნების” გამოხატვა კი ჩემს ძალებს აშკარად აღემატება!" - წერს ფხალაძე სოციალურ ქსელში.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პარტიამ "გახარია საქართველოსთვის". "სოხუმის აეროპორტის ამოქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ შელახვას, რაც ასევე არღვევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წესებს, რამდენადაც სოხუმის აეროპორტს ამ ორგანიზაციის მიერ შესაბამისი კოდი აღარ გააჩნია. შესაბამისად, დამატებით კითხვას აჩენს, სოხუმის აეროპორტისთვის ICAO-ს კოდების მინიჭება, რაც საქართველოს კოდით სარგებლობას არსებული სტატუს ქვოს ვითარებაში გამორიცხავს.ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და მის ექსპლუატაციაში შეყვანას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რა მასშტაბის საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მტრად გამოაცხადა, ხოლო ოკუპანტი სახელმწიფოს ავიახაზების პირდაპირი ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთში სრულიად გულგრილად გაატარა, ისე რომ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არათუ ფორმალური განცხადება არ გააკეთა, არამედ დასავლელ პარტნიორებსაც არ მიმართა, რომელთა ძალისხმევაზეც იდგა ამ ხნის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა.ამიტომ, მივმართავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მეგობრებს, სათანადო შეფასება მისცენ კრემლის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობიდ წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს.ასევე მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სათანადო შეფასება მისცენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიზანმიმართული დაზიანების ფაქტს" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 7 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აღდგენილ აეროპორტში რუსეთიდან პირველი საცდელი რეისი მიიღეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას სამშობლოში დე-ფაქტო პრეზიდენტობის კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ბადრა გუნბა ჩამოჰყვა.
"დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა: 30 წელზე მეტი ვადით წყვეტის შემდეგ მოხდა ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით! დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ რუსეთთან ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობას. უდავოდ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად განვავითარებთ" - განუცხადა ჟურნალისტებს გუნბამ.
3 თებერვალს აღდგენილი აეროპორტი პუტინის ადმინისტრაციაში აფხაზეთის მიმართულების ახალმა კურატორმა - ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ მოინახულა და განაცხადა, რომ მოსკოვისთვის ამ აეროპორტის დროული ამოქმედება "პრინციპულად მნიშვნელოვანი" საკითხია, რის მიზეზადაც დაასახელა "ახალი შესაძლებლობები როგორც აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, ისე რუსი ტურისტებისათვის" და იქვე დასძინა, რომ რუსი ინვესტორები სამომავლოდ აეროპორტის გაფართოების შესაძლებლობასაც განიხილავენ.
"იმისათვის, რომ საკურორტო სეზონის დაწყების დროისთვის რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან რეისების სრულფასოვნად ამოქმედება შევძლოთ, პირველი სატესტო რეისის მიღება უკვე თებერვალში უნდა განვახორციელოთ. ეს აეროპორტი ახალ შესაძლებლობებს გახსნის როგორც აფხაზეთისთვის, ისე რუსი ტურისტებისათვის. გულახდილად რომ ვთქვა, მე ასეთი ლამაზი პროექტები ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს" - განაცხადა კირიენკომ აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ რუსი კურატორი აეროპორტის ტერიტორიას დე-ფაქტო პრეზიდენტობის კრემლის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ ბადრა გუნბასთან ერთად ათვალიერებდა, რამაც აფხაზური ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, მართალია, თავის დროზე გუნბა აეროპორტის რეკონსტრუქციის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დე-ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, ეს უფლებამოსილება შეუჩერდა და შესაბამისად, აფხაზური კანონმდებლობით, უფლება არ ჰქონდა, სარეკონსტრუქციო შტაბის უფროსის მოვალეობები განეხორციელებინა.
თავის მხრივ, კირიენკომ უარყო ოპოზიციონერთა მინიშნებები კრემლის მიერ სწორედ გუნბას კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე და ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსკოვი "აფხაზეთის მოსახლეობის ნებისმიერ არჩევანს მიიღებს".
ცნობისთვის: დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 15 თებერვლისთვისაა დანიშნული.
რაც შეეხება სოხუმის აეროპორტს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიუოლ მთლიანობას, ამ აეროპორტს საერთაშორისოდ არ აღიარებს. ორგანიზაციამ სოხუმის აეროპორტს კოდი ჯერ კიდევ 2006 წელს გაუუქმა და თავისი დოკუმენტებიდან ამოშალა.
2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ რუსულ კომპანია "ინფრასტრუქტურნოე რაზვიტიესთან" სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმება გააფორმა. როგორც იმჟამინდელი დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია აცხადებდა, აეროპორტი 2024 წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო.
"ინფრასტრუქტურნოე რაზვიტიე" რუსეთის შს ექს-მინისტრ რაშიდ ნურგალიევის ვაჟის კომპანიაა. ამჟამად რაშიდ ნურგალიევი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021