კახეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

08-02-2025 16:05:33 სამართალი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი - გიორგი ქურდოვანიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდოვანიძემ ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ქურდოვანიძე მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანეს.

გიორგი ფეიქრიშვილის ცხედარი სოფელ ანთოკში მწყემსებმა იპოვეს.

მოკლულის მამამ იოსებ ფეიქრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მკვლელობის მოტივი უთანხმოებაა.

"მწყემსმა იპოვა ცხედარი. როგორც მეუბნებიან, შეიძლება მანქანაში მოკლეს და შემდეგ იქ გადააგდეს. ჩემი შვილი 7 თებერვალს 14:00 საათზე გავიდა სახლიდან. ალბათ მალევე შეხვდა იმ პირს, რომელმაც შემდეგ მოკლა. ჩვენ 16:00 საათზე გაგვაგებინეს ამბავი. ტყვიით არის მკვდარი, გულში აქვს მოხვედრილი", - ამბობს იოსებ ფეიქრიშვილი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული საგარეჯოს მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები