08-02-2025 17:58:57 პოლიტიკა ,საზოგადოება
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ქმედებები "ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია".
"ქართული ოცნება" ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს", - თქვა ამერიკის ხმასთან Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ რეიჩელ დენბერმა.
მისი ცნობით, ორგანიზაცია 2024 წლის გაზაფხულიდან აღრიცხავს სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტებზე ძალადობის ფაქტებს, მათ შორის მაშინ, როცა ისინი აქციაზე არ მდგარან.
"ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ თავდასხმები კოორდინირებული იყო. ასევე ადვილი მისახვედრი იყო, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ", - ამბობს რეიჩელ დენბერი და ხაზს უსვამს, რომ ამ ტიპის ძალადობას არაფერი ამართლებს.
რეიჩელ დენბერის თქმით, "ქართული ოცნების" ქმედებათა ერთობლიობას საქართველო ავტოკრატიისაკენ მიჰყავს:
"სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლადშესული კანონები და ფიზიკური ძალადობა - ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კრიზისის გამწვავებისკენ, რომელსაც "ქართული ოცნება" დგამს".
"ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა სხვა კანონი და რეგულაცია, რომელიც აქამდე [საქართველოს მთავრობაში] მიიღეს, სპონტანური იყო. როგორც ვთქვით, შედარებები არ მიყვარს, მაგრამ სხვა ავტოკრატიებში ასე ხდება, რაღაც იწყებს და შემდეგ იწვევს სხვა მსგავს მოვლენებს".