პროკურატურის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ

26-02-2020 01:46:30 პოლიტიკა

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნებულ ირაკლი შოთაძის, გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებსა და საშუალო რგოლის მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს,"- წერია პროკურატურის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

18 თებერვალს ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად მეორედ აირჩიეს. ის ამ თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები