
პროკურატურამ "საბოტაჟის მცდელობის და მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით საქმე აღძრა
10/02/2025 10:24:06 სამართალი
პროკურატურის ცნობით, უწყებამ "საბოტაჟის მცდელობის და მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით საქმე აღძრა.
საქმე აღიძრა მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე. თუმცა ვის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, ამის შესახებ განცხადებაში საუბარი არ არის.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 8 თებერვალს გამოძიება დაიწო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 10 წლამდე და 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს’’ წარმომადგენლების მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთნენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: მოძრაობის დამფუძნებლები არიან ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოსთვის“, წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბიძინა გიორგობიანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი. მოძრაობას ასევე შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ „საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან“.