Accentnews.ge
"ქართული ოცნების" მთავრობა "სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს" შექმნას გეგმავს

"ქართული ოცნების" მთავრობა "სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს" შექმნას გეგმავს

10/02/2025 15:57:21 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობა გეგმავს, შექმნას მათივე კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო.

შესაბამისი ცვლილება "გრანტების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტს "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სააგენტოს მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, "რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან".

ცვლილებით, [ხელახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი], გარდა იმისა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა დაევალება, ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობაც ექნება.

ამასთან, პროექტის მიხედვით, კანონს დაემატება ნორმა, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნებისთვის, ექნება, როგორც ნორმატიული ხასიათის, ასევე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინასდება დასაქმდება დაახლოებით 10 პირი.

არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ინციატივაზე ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში განაცხადა:

"მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება".

მან იმჟამად გადაწყვეტილების მიზეზად „აგენტების კანონის" რეესტრში დარეგისტრირებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების "შანტაჟი" დაასახელა:

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ".

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონი 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო, საქართველოში საპროტესტო აქციების და აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა ამ კანონზე. მას ვეტო დაადო მე–5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 2024 წლის 28 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო დაძლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S