
სასამართლომ "მთავარი არხის" ოპერატორ სერგი ბარამიძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
10/02/2025 16:38:16 სამართალი, საზოგადოება
"მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძის საქმეზე მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო მეორე მუხლის, სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში ბარამიძე სამართალდამრღვევად სცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ სერგი ბარამიძე ადგილზე უმისამართოდ იგინებოდა და პოლიციას მუშაობაში ხელს უშლიდა.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული სერგი ბარამიძეც და მისი ადვოკატიც ასაბუთებდნენ, რომ მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და ადგილზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
სერგი ბარამიძე სამართალდამცავებმა 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, იმ დროს დააკავეს, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ოპერატორი ადგილზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას ორის მომხდარ დაპირისპირებას იღებდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა. დაკავებიდან მალევე, სერგი ბარამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი თქმით, მას სახეში მუშტი სპეცრაზმელმა ჩაარტყა.
"დაკავებულებს ვიღებდი. არაფერი მოწოდება არ გამიგია არც ხალხისგან არც პოლიციიგან. დაკავებულებს რომ ვიღებდი, ამ დროს მოხდა ჩემი დაკავება. მეუბნებოდნენ სავალი ნაწილი რატომ არ დატოვეო, ჩვენ მოგიწოდეთ რომ სავალი ნაწილიდან უნდა გადასულიყავიო, მე მეუბნებიან ამას ოპერატორს. ძალადობა იყო. აი, თვალიც ნახე რას მიგავს. დაკავების დროს ძირს ვეგდე და მიტყამდნენ. ყველა მიტყამდა, ვისაც გაუხარდებოდა, ბევრნი იყვნენ", – განაცხადა მან "ტვ პირველთან" გათავისუფლების შემდეგ 19 ნოემბერს.
ბარამიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.