Accentnews.ge
"სამიზნეები ვართ!" - ზურაბიშვილი მიუნხენში გამგზავრებამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

"სამიზნეები ვართ!" - ზურაბიშვილი მიუნხენში გამგზავრებამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

11/02/2025 11:24:35 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გამგზავრებამდე, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას უნდა დაესწოს, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ თქვა, სალომე ზურაბიშვილს აინტერესებდა რა გამოწვევები აქვს მედიას არსებულ რეალობაში და პირობა დადო, რომ მათი ხმა იქნება პარტნიორებთან, ვისაც საქართველოში მედიის თავისუფლება აინტერესებს.

მან თქვა, რომ თავისუფალი მედია დღეს სამიზნეა და მათ შორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა"წარმოუდგენელი გზავნილია ყველა ჟურნალისტისთვის".

„სალომე ზურაბიშვილი დაგვპირდა, რომ იქნებოდა ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებთან, ვინც დაინტერესებულია და მედიის თავისუფლებას საქართველოში მხარს უჭერს. მას აინტერესებდა კონკრეტული აქტორების მოსმენა, თუ რა გამოწვევები არსებობს. იცით, რომ ის მიემგზავრება მიუნხენის კონფერენციაზე. გაგვიზიარა ვის შეხვდება და რაზე ისაუბრებს. უნდოდა, ამისთვის ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. შესაბამისად, ჩვენ მას ძალიან ბევრ საკითხზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ ამერიკული გრანტები თითქმის შეწყდა და გრანტის მიმღები ორგანიზაციები ძალიან ცუდ დღეში არიან. ასევე, ტელევიზიების შემთხვევაში, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ისინი ცუდ დღეში არიან. გრანტის მოძიება ჭირს. ასევე, ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება შიგნით გაერთიანება, რათა ნაკლები რესურსებით შევძლოთ ინფორმაციის გავრცელება. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ახალ კანონპროექტებზე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს გადაწყვეტილი, რომ მიიღოს. თუ მიიღებენ, ეს ძალიან შეზღუდავს მედიას. ამ მხრივ ასევე, საერთაშორისო საზოგადოების დახმარება გვჭირდება. ზოგადად, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი, როგორც ჟურნალისტების სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ ვართ სამიზნეები და ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც ადამიანებს თავს დაესხნენ და ალბათ, ბედისწერა იყო, რომ ჟურნალისტები გადარჩნენ. ეს საშინელი კადრები ყველამ ვიცით. ის, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია, ეს არის მართლაც წარმოუდგენელი "მესიჯი" ჩვენთვის, ყველა ჟურნალისტისთვის. ჩვენი, ყველას ბედი შეიძლება ეს იყოს. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან ღირებულ ინფორმაციას შეაგროვებს ჩვენს პარტნიორებთან ჩასატანად“,- თქვა თურაძემ.

მედიამენეჯერ ნინო ჯანგირაშვილის შეფასებით, საქართველოში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა:

"გვყავს გადარეული, „გადაფსიხებული“ ხელისუფლება, რომელიც დარბის ნაჯახით - ამკაცრებს კანონებს, კიდევ უფრო გაამკაცრებს, მედიას გვემუქრება, "საერთოდ ვეღარ იფუნქციონირებთო" - რეალურად ამას გვეუბნება... SOS სიგნალები უნდა ვაგზავნოთ ცივილიზებულ სამყაროში, იქნებ ვინმემ გაიგოს. სალომე ზურაბიშვილი აპირებს, მათ შორის მედიის პრობლემებზეც საუბარს და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი,“- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციას დაესწრება, რომელიც 14-16 თებერვალს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S