Accentnews.ge
ადვოკატი: ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს

ადვოკატი: ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს

11/02/2025 11:26:47 სამართალი

ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექა ჯაიანის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდა გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილის გარდა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული ასევე არ აღიარებს სისტემატურ შეურაცხყოფას და ძალადობას.

"ჩვენ უდავოდ გავხადეთ მტკიცებულებები, რადგან ეს მტკიცებულებები დარწმუნებულები ვართ, რომ ვერ ადასტურებს ამ ნაწილში წარმოდგენილ ბრალდებას, რასაც ჩვენ ვდავობთ. სასამართლოს სხდომაზე დასკვნითი სიტყვის დროს შევაჯამებთ ყველაფერს, გვჯერა, რომ ამ ნაწილში ბექა ჯაიანი გამართლდება. იგი თავს დამნაშავედ ცნობს განზრახ მკვლელობაში და ნანობს", - განუცხადა, "რადიო ტავისუფლების" ცნობით, ჟურნალისტებს გიორგი მდინარაძემ.

მისი თქმით, "სამართლებრივი შეფასების საკითხია", პროკურორის მტკიცება, რომ "სამედიცინო ექსპერტიზით დასტურდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა და აბრამიძის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რაზეც მოწმეები მიუთითებენ ჩვენებაში".

"სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჭრილობები ავტომატურად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ ნიშნავს. ეს არის სამართლებრივი შეფასების საკითხი. სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს მკვლელობა სისასტიკით მოხდა თუ არა, ეს იურიდიული შეფასების საკითხია და ამას საბოლოოდ სასამართლო აფასებს. გააჩნია, ჭრილობა როდის არის მიყენებული, რომელმა გამოიწვია სიკვდილი. ამ 28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ 4 ჭრილობა იყო, დანარჩენი მსუბუქი ხასიათის იყო. ექსპერტი პატარა ნაკაწრსაც დაზიანებად აღნიშნავს, ამიტომ ეს არ უნდა გავიგოთ, რომ ეს ჭრილობები იმისთვის იყო მიყენებული, რომ ის ტანჯვით მოეკლა, ასეთი განზრახვა ბექა ჯაიანას არ ჰქონია. სისტემატურ ძალადობას პირდაპირი მტკიცებულებები სჭირდება, როგორ დაადასტურებს ბრალდების მხარე ამას, როცა პირი გარდაცვლილია",- განაცხადა მდინარაძემ.

მკვლელობის მოტივზე საუბრისას ჯაიანის ადვოკატმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს "შანტაჟის შეეშინდა".

"შანტაჟის შეეშინდა, როგორც პირადად მისი, ასევე მშობლების მიმართ იყო შანტაჟი, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია. მტკიცებულებებს დასკვნითი სიტყვის დროს შევაჯამებ",- განაცხადა მდინარაძემ.

ბექა ჯაიანს თავდაპირველად გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით ჩადენილი დანაშაულია. მოგვიანებით, ამას კიდევ ერთი, 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით ჩადენილი დანაშაული დაემატა.

დანაშაულების დამტკიცების შემთხვევაში ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ელის.

ბექა ჯაიანმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გაიარა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის შედეგიც 22 ნოემბერს გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად შერაცხადია და მკვლელობის ჩადენის მომენტში ის „შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა“.

37 წლის კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს თავის ბინაში იპოვეს მოკლული. გამოძიების ცნობით, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძესა და ბრალდებულს უთანხმოება მოუვიდათ და დაშორდნენ. მკვლელობის დღეს, 15:50 საათზე კი, ბრალდებულმა გასაშლელი დანა შეიძინა და მასთან შეხვედრა „განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით“ გადაწყვიტა.

მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის კაცი სამართალდამცავებმა 19 სექტემბერს დააკავეს. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ბექა ჯაიანი მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S