
შსს-მ ისტორიკოს დავით ბრაგვაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
13/02/2025 08:00:06 საზოგადოება
ისტორიკოს დავით ბრაგვაძეს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.
ისტორიკოსი ამბობს, რომ ამის შესახებ შსს-დან აცნობეს და განუმარტეს, რომ საკითხზე სასამართლოდან დაუკავშირდებოდნენ.
საქმე ეხება 28 იანვრის მოვლენებს.
"მითხრეს, რომ 28 იანვარს თქვენზე ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, დაგიკავშირდებიან სასამართლოდანო". დეტალებზე არ ჩავძიებრივარ. სავარაუდოდ, საუბარია რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე",- უთხრა "აქცენტს" ბრაგვაძემ.
საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოს ქალაქებში უკვე 78 დღეა, ყოველდღე ტარდება.
პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა. ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად. ამ პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სტრუქტურებმა დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით და მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ; აქციები არაერთხელ დაარბიეს და დაშალეს ძალის გამოყენებით;აქციებზე დაკავებისას, იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე - უფლებადამცველები გამოყენებულ მეთოდებს წამების კვალიფიკაციას აძლევენ, ძალადობის არაერთი აქტი მოხვდა კადრებშიც, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მოძალადე არ არის პასუხისგებაში მიცემული; დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს;პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააპატიმრეს მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც ასევე საუბრობს პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე; პროტესტის პარალელურად მიიღეს მთელი რიგი ცვლილებები, რითაც შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება და გაამკაცრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის მნიშვნელოვნად გაზარდეს ჯარიმების ოდენობა - თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აჯარიმებენ მოქალაქეებს 5 000 ლარით. „ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ კანონებს აანონსებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.