გიგა ლემონჯავა: მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მონაწილეობს დემონსტრაციებში, არ გადაიხადოთ პატრულის ჯარიმები

13-02-2025 13:43:12 პოლიტიკა ,საზოგადოება

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დააჯარიმეს დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, არ გადაიხადონ ჯარიმები.

„მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და მონაწილეობს დემონსტრაციებში, არ გადაიხადოთ პატრულის ჯარიმები და გაასაჩივრეთ, რადგან არსებობს სისტემაში ბზარი, სისუსტე, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში მიუთითებს, რომ ადამიანის შესაშინებლად მოფიქრებული ჯარიმები გახდა პრობლემა თავად რეპრესიული რეჟიმისთვის”,- თქვა ლემოჯავამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ჯარიმები თავად სისტემისთვის გახდა პრობლემა.

ამავე ბრიფინგზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მარიკა არევაძემ წარადგინა იურიდიული უზრუნველყოფის მექანიზმი, რომლითაც ისინი მოქალაქეებს დაეხმარებიან:

„კოალიცია ცვლილების“/ახალის ადამიანის უფლებათა ოფისი“ მუდმივად არის მოქალაქეების გვერდით. ოფისი აკეთებს მუდმივ მონიტორინგს, ამზადებს ანგარიშებს და აწვდის საერთაშორისო პარტნიორებს, ახდენს რეჟიმის პატიმრების კომუნიკაციას დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. გარდა ამისა ჩვენი ოფისი, დანარჩენ სამ ოპოზიციურ ძალასთან ერთად ჩართულია ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში. შექმნილი გვაქვს გაერთიანებული ოპოზიციის ცხელი ხაზი, სადაც ასზე მეტმა მოქალაქემ უკვე მიიღო საჭირო დახმარება. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. „კოალიცია ცვლილების“ ადამიანის უფლებათა ოფისი ამ ეტაპზე მოქალაქეებს სთავაზობს საჩივრის მარტივ ნიმუშს, რომლითაც ადამიანები დამოუკიდებლადაც შეძლებენ საჯარიმო ოქმების გასაჩივრებას. აღნიშნული ნიმუში განთავსდება კოალიციის გვერდზე. ამასთან, ჩვენ მზად ვართ თითოეულ მოქალაქეს ვუპასუხოთ ყველა დამატებით კითხვაზე“.

მისივე თქმით, „სისტემა გაიჭედა უსაფუძვლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეებით" და ამაზე მიუთითებს "კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებებიც, რომელიც ე.წ. შსს-ს ანიჭებს უფლებას ადგილზევე მოახდინოს საჯარიმო ოქმის შედგენა. გადატვირთული ე.წ შსს და სასამართლო ნიშნავს, რომ სისტემას უკვე უჭირს და შესაძლებელია ამ კანონის ისე გამოყენება, რომ სისტემა მეტად გაიჭედოს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები