13-02-2025 23:58:20 კავკასია
აზერბაიჯანში კრემლის პროპაგანდისტული და სადაზვერვო ორგანიზაციების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა გრძელდება. "რუსსკი დომის" კვალდაკვალ, ოფიციალური ბაქო ქვეყნიდან პროპაგანდისტულ მედიასაშუალება "სპუტნიკსაც" აძევებს, რომლის ადგილობრივი ბიუროს თანამშრომელთა რაოდენობა 40-დან 1-მდე მცირდება, - იუწყებიან გამოცემები "Caliber" და "Trend" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია "ბალანსის აღსადგენად იმ პირობებს შორის, რომელშიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უცხოეთში უწევთ მუშაობა და იმ პირობებს, რომელშიც უცხოური მედია ბაქოში მუშაობს"
ცნობისთვის: გასულ კვირას აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერალური სააგენტო "როსსოტრუდნიჩესტვოს" საქმიანობის აკრძალვის თაობაზე. "ჩვენი ქვეყანა თავად გახდა დონორი და არ საჭიროებს გარე დახმარებას, განსაკუთრებით - როცა საქმე ეხება არაგამჭვირვალე სქემებს, ორგანიზაციის სტრუქტურა კი დაუფარავად სადაზვერვო ხასიათს ატარებს" - განუცხადეს გამოცემა "Report"-ს აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა.
რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანელი სამართალდამცველები შევიდნენ ბაქოში "როსსოტრუდნიჩესტვოს" ცენტრალურ ოფისში - "რუსსკი დომში", რომელსაც, როგორც გაირკვა, აზერბაიჯანში რეგისტრაცია არ გააჩნდა. "რატომ ეძლეოდა ამ, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო ორგანიზაციას ამ დრომდე რეგისტრაციის გარეშე ჩვენთან მოქმედების შესაძლებლობა - ცალკე საუბრის თემაა, თან ძალიან სერიოზული საუბრის" - წერდა ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი გამოცემა "Minval".
ოფიციალური ბაქოს ეს გადაწყვეტილება საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვალუევმა. თუმცა 10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა ის და ვალუევის კიდევ რამდენიმე კოლეგა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
გასული წლის ბოლოს, 25 დეკემბერს, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტის მოხვედრის შედეგად აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ვარდნის შემდეგ ოფიციალურმა ბაქომ გაამკაცრა მიგრაციის წესები რუსეთში მუდმივად მცხოვრები რუსებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. მათ აზერბაიჯანში უვიზოდ ყოფნა წელიწადში მხოლოდ 90 დღემდე ვადით შეუძლიათ. ეს წესი ძალაში 2025 წლიდან შევიდა.