14-02-2025 00:37:43 მითები და რეალობა
საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა ამ დრომდე არ აშენებულა და გაუგებარია, აშენდება თუ არა ოდესმე. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შესაბამისი დაპირება ჯერ კიდევ 2019 წელს გასცა. "ოცნება" ირწმუნებოდა, რომ ქარხანა 2022 წელს აშენებული იქნებოდა და ამისთვის რუსეთის მოქალაქის კომპანიას საქართველოში 1 მილიონი კვ.მ. მიწა გადასცა.
"აიფაქტის" მორიგი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ქარხანა ქუთაისში ინდუსტრიულ ჯგუფ ‘’აიგრუპსა" და ჩინურ კომპანია ‘’ჩანგანს” ერთად უნდა აეგოთ. პროექტს საქართველოს მოსახლეობას ისე წარუდგენდნენ, თითქოს ეს იქნებოდა ქართულ-ჩინური თანამშრომლობის შედეგი. სინამდვილეში კი, ‘’აიგრუპსა’’ და ‘’ჩანგანს’’ საქართველოზე მეტი საერთო მეზობელ რუსეთთან აქვთ.
კერძოდ, “აიგრუპი” ჩვენს საჯარო რეესტრში ამავე სახელით არ იძებნება, ის “ბიგ სერვისადაა” რეგისტრირებული. Რეესტრის მონაცემებით, კომპანიას 8 მფლობელი ჰყავს, რომელთაგან ორი რუსეთის მოქალაქეა. ჩინური ‘’ჩანგანის’’ ქართულ საიტზე კი ჩანს, რომ კომპანიის პარტნიორები რუსული “ლადა,” “უაზი” და “ჩეტრა” არიან. ამასთანავე, კომპანიასთან საკონტაქტოდ იგივე ნომერია მითითებული, რაც რუსული “ლადას” ქართული წარმომადგენლობის (“ლადა ცენტრი თბილისი”) საიტზეა მოცემული.
‘’ლადას’’ წარმომადგენლობის მეპატრონე გოჩა როსტიაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისში ქარხნის მშენებლობა განუსაზღვრელი ვადით დაკონსერვდა და ამ თემაზე ჯერჯერობით სხვას ვერაფერს იტყვის. და მაინც, კომპანიას "ოცნების" მთავრობისგან 1 ლარად ქუთაისში ბოძებული 1 მილიონი კვ.მ. მიწა დარჩა საკუთრებაში.
‘’ჩანგანს’’ ჩინური საიტიც აქვს. მასზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კომპანიას საქართველოში ოფიციალურად შპს ‘’აიფროდაქშენი’’ წარმოადგენს, რომელიც 2019 წლის 4 აპრილს რუსეთის მოქალაქემ - ანდრეი პაუკმა დაარეგისტრირა. "ოცნების" პრემიერის მიერ ელექტრომობილების ქარხნის პროექტის დაანონსების შემდეგ ორ დღეში "ჩანგანის’’ ჩინურ საიტზე გაჩნდა ვინმე კახაბერ გულედანის სატელეფონო ნომერი. "აიფაქტის" ინფორმაციით, ამჟამად გულედანი თბილისის მერიის თანამშრომელია. ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში მან განაცხადა, რომ უკვე ორი წელია, ‘’აიგრუფთან’’ შეხება არ მქონია და არ იცის, იქ რა ხდება.