Accentnews.ge
საქართველოს ორ მოქალაქეს ცხინვალში 2.5- წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს ორ მოქალაქეს ცხინვალში 2.5- წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს

14/02/2025 15:05:09 კონფლიქტები

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს ორ მოქალაქეს იასონ გენგიურსა და სერგო მერებაშვილს მიესაჯათ უკანონო პატიმრობა 2 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე ელოდება ე.წ. სასამართლოს. ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების 123-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ უთხრა ჟურნალისტებს, ინფორმაცია ქართულ მხარეს შეხვედრაზე გაუზიარეს.

"წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც უფრო ხანგრძლივი ე.წ. პატიმრობა ყოფილა მისჯილი, მაგრამ მოლაპარაკების არსებული ფორმატების გამოყენებით ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

უკანონოდ დაკავებულებს დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებოდა. მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია გასული წლის 3 ოქტომბერს გავრცელდა.

გარდა ამისა, ანთაძის თქმით, შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ ფაქტზე. მანამდე ანთაძემ თქვა, რომ ნოემბრის ბოლოდან დღემდე 11 ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა.

ანთაძის განცხადებით, მსჯელობისას გააქტიურეს თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხიც.

"ამ საკითხზეც პოზიცია არის უცვლელი, თუმცა სამართლის აღსრულება არის ცენტრალური ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტი. როგორც თამაზ გინტურის ასევე, ჩვენი ყველა თანამოქალაქის შემთხვევაში, რომელიც მოკლული იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე" - თქვა ანთაძემ.

რაც შეეხება, ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანის საკითხს, რასაც რუსეთი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები დროდადრო ააქტიურებენ, ირაკლი ანთაძემ უპასუხა, რომ "საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის სრულ თანხვედრაში ჩვენი პარტნიორების მიერ გაჟღერებულ პოზიციასთან, ვინაიდან ჟენევის დისკუსიების ჩატარების ერთადერთი ადგილი გახლავთ ჟენევა, ეს დისკუსიები ტარდება გაეროს ჟენევის ოფისში და ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ სხვა ვარიანტს".

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა 3 აპრილს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S