
რა თქვა შტაინმაიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას: „დემოკრატია ბიზნეს-მოდელი არ არის“
14/02/2025 16:13:06 მსოფლიო
მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა.
მან სიტყვით გამოსვლა მიუნხენში მომხდარ თავდასხმის ფაქტზე საუბრით დაიწყო და 36 დაშავებულ ადამიანს თანაგრძნობა გამოუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონფერენცია იმართებოდა გერმანიისთვის „საკვანძო მომენტში“, რომელიც ახალ პარლამენტს ერთ კვირაში აირჩევს.
- "ნება მომეცით, სრულიად მკაფიოდ განვაცხადო, ევროპა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჩვენს პოლიტიკაში და ასეც გაგრძლდება. როგორც არ უნდა იყოს მისი შემადგენლობა, მომავალმა ფედერალურმა მთავრობამ უნდა წარმართოს თავისი სამუშაო ისე, რომ პატივი სცეს და ხელი შეუწყოს ევროპის ერთიანობას", – აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
აშშ–ის ახალ ადმინისტრაციაზე საუბრისას, მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდი გააკრიტიკა:
- "ტრამპის გუნდი უგულებელყოფს დადგენილ წესებს. ევროპას მოუწევს ამას გაუმკლავდეს. თვალსაჩინოა, რომ აშშ–ის ახალ ადმინისტრაციას აქვს ისეთი მსოფლმხედველობა, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვენი მსოფლმხედველობისგან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში არ შედის, რომ ეს მსოფლმხედველობა გახდეს დომინანტური პარადიგმა. წესების არარსებობა არ უნდა გახდეს ახალი მსოფლიო წესრიგის სახელმძღვანელო პრინციპი".
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ამ სიტყვებს ღონისძიების მონაწილეთა ნაწილი აპლოდისმენტებით შეხვდა.
ამასთან, გერმანიის სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა შეშფოთება ვაშინგტონში „ტექნოლოგიური, ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლების ისტორიულად უპრეცედენტო კონცენტრაციის“ გამო.
- "მე გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ჩემთვის, როგორც დემოკრატისთვის, ძალიან შემაშფოთებელია, იმის დანახვა, რომ ბიზნესმენების მცირე ელიტარულ ჯგუფს აქვს საშუალება და ძალა, რომ გადაწეროს ლიბერალური დემოკრატიული წიგნის დიდი ნაწილი. და კიდევ უფრო შემაშფოტებელია, როდესაც ამ ბიზნესმენებიდან ზოგიერთი ღიად გამოხატავს ზიზღს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ნორმების მიმართ", განაცხადა მან და დაასძინა, რომ „დემოკრატია ბიზნეს-მოდელი არ არის“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021