საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

26-02-2020 15:30:49 მსოფლიო

საბერძნეთში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი 38 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა.

„პაციენტი ამჟამად თესალონიკის ჰოსპიტალშია იზოლირებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 52 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა დღე–ღამის განმავლობაში 406–მდე გაიზარდა. აქედან მხოლოდ 5 შემთხვევა დადასტურდა ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,715 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,064.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 48-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 80,970–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მომატებულია, რის გამოც სახელმწიფო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები