Accentnews.ge
ოპოზიცია – ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე: "თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა"

ოპოზიცია – ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე: "თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა"

16/02/2025 09:08:02 პოლიტიკა, საზოგადოება

ოპოზიციაში ეხმიანებიან ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტს.

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში სისტემური უგულებელყოფით დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია მმართველი ხელისუფლება. ცხადია, ჩვენმა თვითმარქვია ხელისუფლებამაც ერთხელ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე!

ბათუმში ორი ბავშვის გარდაცვალება უსაფრთხოების სრული უგულებელყოფისა და სისტემური უპასუხისმგებლობის შედეგია. რიყეზე რომ ბავშვი დაიღუპა, ვინმემ გაკვეთილად მაინც მიიღო?! სამწუხაროდ – არა. ვაკის პარკის ტრაგედია? - არა!

რას აკეთებენ ზედამხედველობის ორგანოები? რატომ ხდება, რომ უსაფრთხოების ნორმები სისტემატურად ირღვევა, ხოლო ტრაგედიები მეორდება? ირაკლი კობახიძეს, თვითმარქვია რეჟიმის პრემიერს, პირდაპირ ვეკითხები: თქვენ რამდენიმე დღის წინ ბათუმში იყავით, ე.წ. ოცნების ქალაქში, დაპირებები გაეცით, ხალხს ბედნიერი მომავალი აღუთქვით. და დღეს? სად ხართ ახლა, როცა ამავე ადგილზე ტრაგედია დატრიალდა?! ცრუ დაპირებული მშენებლობის დაცვის ნაცვლად უსაფრთხოება რომ დაგეცვათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა! მაგრამ თქვენთვის მთავარია ფული, კონტრაქტები და მორიგი გადაგორებული ტრაგედია. ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე თქვენთვის არაფერია!

მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა – არა სიტყვებით, არამედ საქმეებით! მოხდეს სამშენებლო ტერიტორიების სრული მონიტორინგი და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. დაცული იქნას უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ბავშვების სიცოცხლე არ არის სტატისტიკა! გუშინ რიყე, დღეს ბათუმი – ეს აღარ უნდა გაგრძელდეს! და როცა ვამბობთ, გვინდა ევროპა და განვითარება, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ, პირველ რიგში, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე იყოს დაცული! ბავშვების სიკვდილზე დიდი ტრაგედია არ არსებობს! თანავუგრძნობ ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ საშინელ ტკივილს!", – წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ მომხდარი "ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული".

"ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული! "ოცნების ქალაქში" ზუსტად 6 დღის წინ, ქოცებმა: რიჟვაძემ და კობახიძემ ახალი მშენებლობის კაფსულა ჩააგდეს და ამ პიარული ღონისძიებისთვის 209 ათასი ლარი დახარჯეს. 209 ათასი ლარი, ხალხო, პირდაპირი შესყიდვით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, მაგრამ სამშენებლო მოედანი თხრილებით, ორმოებით და შემოუღობავი დატოვეს. დღეს ამ წყლით სავსე თხრილებში ორი ბავშვი დაიხრჩო, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას. გამოვლენ დილით, იგლოვებენ კამერების წინ, მერე ვიღაც რიგითს შეახოცავენ ხელს, როგორც ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული მარიტას შემთხვევაში, როგორც ეზოში სადენებით დაღუპული ბავშვის შემთხვევაში, როგორც რიყეზე რამდენიმე დღის წინ დაღუპული ბავშვის შემთხვევაში... ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო. უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს“,- წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ბათუმში 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები ჩავარდნენ კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა "ქართული ოცნების" მთავრობის აჭარის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, რომელიც აცხადებდა, რომ "ტერიტორია, სადაც ბავშვები დაიღუპნენ არ იყო სამშენებლო ტერიტორია"

"[„ოცნების ქალაქში“] მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები სადაც უნდა განხორციელდეს, ის ადგილი მოშორებითაა. არის მცდელობა, განსაკუთრებით პრესის წარმომადგენლებისგან, რომ შეიყვანონ ხალხი შეცდომაში. ვადასტურებ, რომ ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია და მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები დასრულდეს", - თქვა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, ჯაბა ფუტკარაძემ.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც სამშენებლო ტექნიკა უკვე მუშაობდა, არ იყო შემოღობილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S