16-02-2025 14:57:47 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური 1 მარტს გაიმართება.
დე-ფაქტო ცსკ-ის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების მიხედვით, 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გამარჯვებისთვის აუცილებელი რაოდენობა - 50%+1 ხმა ხუთიდან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.
მიღებული შედეგებით კი ლიდერობს მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა (46,38% - 45 805 ხმა) , რომელსაც მთავარი კონკურენტი - ოპოზიციონერი ადგურ არძინბა (36,92% - 36 476 ხმა) თითქმის 10%-ით ჩამორჩება.
რაც შეეხება დანარჩენ სამ კანდიდატს, რობერტ არშბამ ხმათა 7,54% (7 434 ხმა) მოაგროვა, ოლეგ ბარციცმა - 4,04% (3 988 ხმა), ხოლო ადგურ ხურხუმალმა - 0,97% (896 ხმა).
შესაბამისად, მეორე ტურში "პრეზიდენტობისთვის" კრემლის ფავორიტი ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.