17-02-2025 14:54:20 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება უკმაყოფილოა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობით და გეგმავს, ეს საკითხი 4-5 მარტს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე დააყენოს.
როგორც ოსური დელეგაციის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, საუბარია საოკუპაციო ხაზის პატრულირებისას მისიის წევრების მიერ "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევებზე", რასაც ცხინვალი "გამიზნულ პროვოკაციად" აფასებს.
"ერგნეთის ამასწინანდელ შეხვედრაზე მისიის წარმომადგენლებს ჩვენი პროტესტის შესახებ მკაფიოდ განვუცხადეთ, ვთქვით, რომ ისინი არღვევენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრებს. თუმცა პრაქტიკულად მეორე დღესვე, 15 რიცხვში მისიამ კვლავ მოახდინა მესაზღვრეების პროვოცირება და ჩვენი სახელმწიფო საზღვარი იმავე წერტილში დაარღვია, კერძოდ - ჯავის რაიონის დასახლებულ პუნქტ მუგუთსა და სოფელ დვანს შორის მიდამოებში. მესაზღვრეების ჯგუფს ადგილზე გასვლა და მისიის წარმომადგენლების გაყრა მოუწია. ჩვენი აზრით, ეს ვითარების დესტაბილიზაციის გამიზნული მცდელობებია. მოვუწოდებთ მისიის პატრულს, თავი დაანებოს ამ წვრილმან ხულიფგნობას და შეასრულოს უშუალო ვალდებულება - დააკვირდეს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცულობას. ჩვენ მათთვის არაერთგზის გვაქვს ახსნილი, რომ ხაზი არა დამონტაჟებულ ზღუდეებზე, არა სანიტარულ ღობეზე და არა იმ ხაზზე გაივლის, რომელიც პერიოდულად ივლება, - ყველა ეს ზღუდე მონტაჟდება სასაზღვრო ხაზიდან 10-50 მეტრის სიღრმეში და მათ ეს მშვენივრად იციან, მაგრამ მაინც სჩადიან ამას იმ მიზნით, რათა შესაძლებელი გახდეს ამ ზღუდეების მომსახურება მეორე მხრიდან სასაზღვრო ხაზის დაურღვევლად" - განაცხადა კოჩიევმა.
ცნობისთვის" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმყოფება. იგი შეუიარაღებელი დამკვირვებლებისგან შედგება, რომლებიც ადგილზე ვითარების სტაბილიზაციას უწობენ ხელს, თუმცა არ აქვთ წვდომა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიებზე.