
ზურაბიშვილი - კვერცხების სროლაზე: პატარა კაცების პატარა ბოღმა
18/02/2025 15:38:44 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აეროპორტში მისთვის შეურაცხყოფის მიყენება და კვერცხების სროლა იყო „ორგანიზებული ძალადობა“ და ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სისუსტეზე მეტყველებს.
„ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე. გამოძიება მოვითხოვე. ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა მან 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას და შემდგომ უკვე „ოცნების“ პოლიტიკოსების მიერ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ“.
„არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პრეზიდენტს ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. მე კი არ ვარ პიროვნება, ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“: ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ზრდილობას, - მაგრამ ეს დიდი ხანია დაავიწყდათ, - და საქართველოს სურათს მსოფლიოში“, - განმარტა მან.
ზურაბიშვილის ხედვით, „იმ დროს, როდესაც მიმიღეს ისე, როგორც მიმიღეს მიუნხენში თუ მანამდე აშშ-სა თუ პარიზში, ეს არის მათი [„ქართული ოცნების“] რეაქცია, პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა. საზოგადოება კარგად ხედავს, რა ხდება და რატომ ხდება“.
„ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის რეპრესიული ზომების ერთიმეორეს შემდეგ მიღება და კვერცხის სროლა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
„რა უსუსური უნდა იყო, ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება. მაგრამ ესენი ხომ აღარ არიან ხელისუფლება. ეს არის რეჟიმი და სისუსტეს ავლენს რეჟიმი. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, არ ვიცი, რისი ნიშანია“, - თქვა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებასა და უცხოელ პარტნიორებს სოლიდარობისათვის. ასევე, უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო გააკრიტიკა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:
„რანაირად უნდა ვთქვათ ტურიზმზე რაიმე, როდესაც აეროპორტში უსაფრთხოება არანაირად არის დაცული? არც გახარიას შემთხვევაში არ იყო დაცული არაფერი. თუ პოლიცია არსებობს, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული... ამ დილით უკვე ვიცოდით... ხომ იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში, რომ ახლა „ჩემი ჯერი“ იყო? ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას. ესე იგი ყველამ იცოდა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
18 თებერვალს გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს. წინა დღეს, 17 თებერვალს, მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს ელგუჯა ხოკრიშვილს, ესროლეს კვერცხები აეროპორტში.
"აქცენტმა" შსს-ში სცადა გარკვევა, დაინტერესდა თუ არა მომხდარით და რა კვალიფიკაცია მისცა. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.