18-02-2025 20:25:20 ევროპა ,პოლიტიკა
ევროკავშირის GAC-ის (General Affairs Council configuration, ზოგად საკითხთა საბჭო) არაფორმალურ სხდომაზე, რომელშიც კავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მინისტრები მონაწილეობენ, საქართველოსთვის "თავისუფალი ადგილი" - ცარიელი სკამი იდგა.
"GAC-ის არაფორმალური სხდომის პირველ სესიაში ევროპისა და მისი იმ პარტნიორი ქვეყნების მინისტრები მონაწილეობდნენ, რომელთაც პრეტენზია აქვთ ევროკავშირის წევრობაზე. საქართველოსთვის თავისუფალი ადგილი იყო დატოვებული" - ნათქვამია ევროპის საბჭოში პოლონეთის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: GAC ევროპის საბჭოს სტრუქტურაში შემავალი ორგანოა, რომელიც სხდომებს თვეში ერთხელ მართავს. სხდომებში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების პირველი პირები და დღის წესრიგის პუნქტების შესაბამისად - ევროპულ საქმეებზე პასუხისმგებელი მინისტრები.
GAC პასუხისმგებელია პოლიტიკის რიგ სექტორთაშორის დარგებზე, ევროკავშირის გაფართოებისა და წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების ჩათვლით, ასევე მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოების (მაგალითად, ევროკავშირის 7-წლიანი საბიუჯეტო გეგმის) განსაზღვრაზე, გაერთიანების პოლიტიკაზე, ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ნებისმიერ დოსიეზე, რომელიც მას ევროპის საბჭოს მიერ დაევალება.
სწორედ ეს სტრუქტურაა პასუხისმგებელი საბჭოს ყველა სტრუქტურის მუშაობის კოორდინაციაზე. სწორედ ის ამზადებს ევროპის საბჭოს სხდომებს (წევრ სახელმწიფოთა ლიდერებისა და მთავრობების პირველ პირთა შეხვედრებს) და მეთვალყურეობას უწევს მათ მიმდინარეობას.
ევროკომისიას, როგორც წესი, უწყებათაშორისი ურთერთობების კომისარი წარმოადგენს, განსახილველი საკითხების არსის და მიხედვით.