
ზურაბიშვილი: 25 თებერვალს უთუოდ ყველა უნდა გავიდეს რუსთაველზე
19/02/2025 19:39:07 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს 25 თებერვალს საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.
"სახელმწიფო ხომ ჩამოშალეს იმ მხრივ, რომ არც ერთი ინსტიტუტი დღეს აღარ არის, ვერ ჩაითვლება როგორც სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ან ინსტიტუტი, ყველა არის მხოლოდ პარტიის რაღაც ქვედანაყოფი, თუ არა ბიძინას რაღაც ხელქვეითი. ასე რომ სახელმწიფოც ჩამოშალეს და ამავე დროს, უარს ამბობენ ყოველდღიურად სახელმწიფო ვალდებულებებზე, რაც არის მოქალაქის დაცვა, პრევენცია, ჯანდაცვა, კულტურა... საშინელება ხდება ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ სახელმწიფო როცა აღარ არის, როცა აღარ იცავს თავის მოქალაქეს - ყოველ დღე, როცა აცხადებენ, რომ მოიტაცეს კიდევ ერთი თუ კიდევ ორი, რამე რეაგირება არის? რუსეთის თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში - რეაგირება არაა. საგარეო სამინისტრო, როგორც მეუბნებიან შიგნიდან, აღარ მუშაობს ფაქტობრივად. არც ერთი სამინისტრო არ მუშაობს, აღარ გვაქვს სახელმწიფო და ეს არის რეალობა. ეს ცხადია, ყველა მოქალაქეს ეხება და ყველა მოქალაქეს ექნება ამაზე რეაქცია.
ეს არის ის, რაც კვებავს ამ პროტესტს. რუსული რეჟიმი გვაქვს და სახელმწიფო აღარ გვყავს, ეს არის ის, რასაც ვაპროტესტებთ და რასაც ძალიან ძლიერად, ყველანი ერთად გავაპროტესტებთ 25 თებერვალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ბოლომდე - ამბობენ ადამიანები ქუჩაში და მართლაც რომ, ბოლომდე, მეც მეხება ეს, არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში ის, რომ ახალი 25 თებერვალი დადგეს ამ ქვეყანაში, ამიტომ, მგონი, თუ ვინმე არ გამოდის და მეც არ გავდივარ პროტესტში ყოველ დღე, იმიტომ რომ ვთვლი, არ შეიძლება მე გავხდე აქტივისტი, 25 თებერვალს უთუოდ, უთუოდ ყველა [უნდა გავიდეს რუსთაველზე], ვინც თვლის, რომ საქართველო არ შეიძლება გახდეს რუსეთის ახალი საოკუპაციო ველი",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა "ფორმულასთან".